"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტში არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა რუსეთი მისთვის მტერი. კითხვაზე პასუხის ნაცვლად, კობახიძემ ჟურნალისტის კითხვა შეაფასა და მას სპეკულაციური უწოდა.
"ეს არის სპეკულაციური კითხვა, რომლის მიზანია ესკალაცია. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს ლოკალური ომის პარტია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს ესკალაცია და მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მას ასევე ჰკითხეს, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი.
"რა თქმა უნდა, ოკუპანტია", - თქვა მან. შემხვედრ კითხვაზე კი, თუკი რუსეთი ოკუპანტია, როგორ არ არის მტერი, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "მტერი თუ ხარ, აიღე იარაღი და ისროლე მაშინ."
"არის ლოკალური ომის პარტია და თქვენი ტელევიზიაც განეკუთვნება ლოკალურ ომის პარტიას. თქვენი მიზანია ესკალაცია, ქაოსი, მეორე ფრონტი და ამიტომ ისმევა ასეთი კითხვა" - ასე დაასრულა ირაკლი კობახიძემ ამ კითხვაზე პასუხი.