Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული გალის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეურაცხყოფას აყენებს - DRI


დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, ოკუპირებული გალის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეურაცხყოფას აყენებს.

ორგანიზაციაში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ინფორმაცია მათ გალიდან „საკონტაქტო წყარომ“ მიაწოდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 14 მაისს, ოკუპირებული გალის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ახრა კვეკვესკირმა, პედაგოგებს და ბავშვებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას დაბადების დღის პატივისცემის ნიშნად დაავალა მისი საფლავის ყვავილებით შემკობა.

DRI-ში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც პედაგოგებმა და მოსწავლეებმა საფლავის ყვავილებით შემკობაზე უარი თქვეს, სკოლის დირექტორმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მათივე განცხადებით, რამდენიმე დღეში, 17 მაისს, დირექტორმა გაგრის მეორე საჯარო სკოლაში მოაწყო ვლადისლავ არძინბას ფოტოების გამოფენა, „ხოლო თავის დასაზღვევად, რომ მოსწავლეებს უარი არ ეთქვათ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, დაემუქრა, რომ მათ ატესტატებს არ მისცემდა“.

ახრა კვეკვესკირი 2010 წლიდანაა გალის #2 საჯარო სკოლის დირექტორი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას მუდმივად აქვს კონფლიქტი ქართველ მოსწავლეებთან. 2011 წელს ახრა კვეკვესკირმა გალელები გააფრთხილა, რომ თუკი მოსწავლეები მორჩილებას არ გამოიჩენდნენ, სკოლებში ქართული ენის სწავლება აიკრძალებოდა. გალში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა 2015 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო. ხოლო 2021 წელს, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, გალის რაიონის სკოლებში, ქართული სწავლება სრულად აიკრძალა. ქართული ენა და ლიტერატურა გალის რაიონის სკოლებში უცხო ენად არის წარმოდგენილი.

DRI აცხადებს, რომ სამუშაო ადგილზე ხელმძღვანელის მხრიდან, დამამცირებელი მოპყრობა და არასრულწლოვანი ბავშვების იძულება, ბულინგი დანაშაულია და გალის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის, ახრა კვეკვესკირის, ქმედებები ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კონვენციას. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ, ჟენევის ფორმატში იმსჯელონ ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.

რადიო თავისუფლება შეეცადა სკოლის დირექტორთან დაკავშირებას, თუმცა, ის ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს, ამ დრომდე, არ გამოხმაურებია.

XS
SM
MD
LG