Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს არ გაუცია უკრაინისთვის გადაცემული ტექნიკის მესამე მხარის მიერ გამოყენების ნებართვა


აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, გენერალი პეტ რაიდერი
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, გენერალი პეტ რაიდერი

შეერთებული შტატების მთავრობას არ გაუცია არანაირი თანხმობა მის მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე რომელიმე გასამხედროებული ორგანიზაციისთვის, რომელიც მესამე მხარეს წარმოადგენს. ამის შესახებ 23 მაისს, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალმა პეტ რაიდერმა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებზე, რომელთა თანახმად, რუსეთის ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შესული დაჯგუფებების წევრები ამერიკულ ჯავშანტექნიკას იყენებდნენ.

გენერალ რაიდერის თქმით, ნებართვა არც აშშ-ს გაუცია და მსგავსი თხოვნა არც უკრაინის მთავრობისგან ყოფილა. რაც შეეხება ფოტო და ვიდეოკადრებს, პეტ რაიდერის განცხადებით, 22 მაისს გავრცელდა პენტაგონში აფეთქების ყალბი კადრებიც, ამიტომ დასკვნების გამოსატანად ფაქტებია საჭირო.

ამერიკელი გენერლის თქმით, აშშ უკრაინას რეგულარულად ატყობინებდა, რომ მისთვის გადაცემული სამხედრო დახმარება განკუთვნილია მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად და არსებობს მონიტორინგის მკაცრი სისტემაც.

  • 22 მაისს, ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გამოაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიაზე შეაღწია „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ და მისი ლიკვიდაციისთვის „კონტრტერორისტული ოპერაცია“ მიმდინარეობს.
  • კიევმა უარყო ბელგოროდის ოლქზე შეტევასთან უკრაინის თავდაცვის ძალების კავშირი.
  • ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები თავს უწოდებენ პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს.
  • 23 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "განადგურებულად" გამოაცხადა ჯგუფები, რომლებმაც უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში შეაღწიეს. გაუქმდა "კონტრტერორისტული ოპერაციის" რეჟიმი.
  • 23 მაისს, "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ რუსულმა არმიამ ვერაფერი დაუპირისპირა მოხალისე პატრიოტებს, რომლებმაც ხელში იარაღი აიღეს და არ შეუშინდნენ მოსკოვის რეჟიმთან ღია დაპირისპირებას და კიდევ ერთხელ დაინგრა მითი რუსეთის ძლიერების და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების შესახებ.
XS
SM
MD
LG