Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: მნიშვნელოვანია, გვქონდეს პერმანენტული კომუნიკაცია ნატოს წარმომადგენლებთან


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ვიზიტი. საქართველოში მყოფი ხავიერ კოლომინა შეხვედრებს მართავდა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან.

"[კოლომინას] ვიზიტი მნიშვნელოვანია. მაღალ დონეზე გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს პერმანენტული კომუნიკაცია ნატოს წარმომადგენლებთან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ამ მაღალი დონის ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენთვის", - თქვა კობახიძემ.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, თბილისში ვიზიტისას და შეხვედრების დროს შეშფოთება გამოთქვა რეფორმების განხორციელების ტემპის, დონისა და ზოგიერთი მათგანის შინაარსის გამო. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა მედიასთან გუშინ, 24 აპრილს.

"მე გადავეცი შეშფოთება რეფორმების ტემპის და არა მხოლოდ ტემპის, არამედ ზოგიერთი რეფორმის შინაარსის გამოც. ასევე ძალიან ნათლად გავაჟღერე შეშფოთება "უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის" გამო. ჩვენი აზრით, ეს კანონი დემოკრატიულ სტანდარტებს ეწინააღმდეგებოდა, რაც ჩვენს პარტნიორებს, როგორიც საქართველოა, უნდა გააჩნდეთ.

მე გამოვთქვი შეშფოთება რეფორმების განხორციელების დონის გამო. ეს, განსაკუთრებით, მართლმსაჯულებისა და ცესკოსთან დაკავშირებით, საარჩევნო რეფორმებს ეხება. ასევე დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით რეფორმები შეშფოთების საგანს წარმოადგენს ჩვენთვის", - თქვა მან.

ხავიერ კოლომინა საქართველოში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა.

XS
SM
MD
LG