Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ალიევსა და ფაშინიანთან შეხვედრის წინ: მიუხედავად სირთულეებისა და პრობლემებისა, სიტუაცია მოგვარებისკენ ვითარდება


აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, შეხვედრა. მოსკოვი. 25 მაისი, 2023 წელი
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, შეხვედრა. მოსკოვი. 25 მაისი, 2023 წელი

25 მაისს მოსკოვში აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებთან შეხვედრის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მიუხედავად სირთულეებისა და პრობლემებისა, რომლებიც ჯერ კიდევ საკმარისია, სიტუაცია ვითარდება მოგვარებისკენ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დარჩენილი საკითხები ტექნიკური ხასიათისაა და დაიძლევა.

ამის შესახებ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სამმხრივი შეხვედრის დასაწყისში განაცხადა.

"ზოგადად, ჩემი აზრით, მიუხედავად ყველა სირთულისა და პრობლემისა, რომლებიც ჯერ კიდევ საკმარისია, სიტუაცია მაინც ვითარდება მოგვარებისკენ", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა დეტალების დასახელების გარეშე და მხოლოდ აღნიშნა, რომ ისინი "წმინდა ტექნიკური ხასიათისაა“.

პუტინის თქმით, „საკითხი ტერმინოლოგიაშია“. „რა თქმა უნდა, ამ ტერმინების მიღმა უნდა იყოს ზუსტად გააზრებული რეალობა და მოვლენები, რაც მოჰყვება შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერას. მაგრამ ჩემი და ჩვენი აზრით - ვგულისხმობ სამივეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის და ჩემი აზრით - ეს არის გადალახვადი დაბრკოლებები. ზოგადად, ისინი არ არსებობს, ეს არის წმინდა ტექნიკური საკითხები“, - განაცხადა რუსეთის ლიდერმა კრემლის პრესსამსახურის თანახმად.

მან შესთავაზა შეხვედრის მონაწილეებს, რომ ერთ კვირაში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცე-პრემიერები შეხვდნენ და რეგიონში გადაკეტილი სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნასთან დაკავშირებული დანარჩენი საკითხები ბოლომდე მიიყვანონ.

შეხვედრაზე პუტინმა, ფაშინიანმა და ალიევმა განიხილეს რეგიონული სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გახსნის საკითხები, მიღწეული იქნა შეთანხმება, მუშაობა გააგრძელონ ერთ კვირაში სამი ქვეყნის ვიცე-პრემიერების შეხვედრის ფარგლებში, - იტყობინება სომხეთის პრემიერ-მინისტრის სამსახური.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის აპარატი არ ავრცელებს ინფორმაციას სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგებზე. მის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა გაიმართა რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების დონეზე.

ვლადიმერ პუტინმა, რომელიც მას მასპინძლობდა, მანამდე ცალკე შეხვედრები გამართა ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან.

სომხეთს და აზერბაიჯანს დავა აქვთ აზერბაიჯანის კუთვნილი, უპირატესად სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის რეგიონისთვის, რომელიც დიდხანს იყო სომხური ძალების კონტროლის ქვეშ, ვიდრე 2020 წლის შემოდგომაზე სამხედრო დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი არ აღიდგინა გარკვეულ ტერიტორიებზე. ამას მოჰყვა მოსკოვის შუამავლობით შეთანხმების მიღწევა და რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო ძალები". თუმცა მას მერე ვითარება დაძაბული დარჩა.

ბოლო თვეებში მხარეებმა გამოავლინეს მზარდი მზადყოფნა მშვიდობიანი შეთანხმების ხელმოწერისთვის.

XS
SM
MD
LG