უკრაინაში სამ საათს გაგრძელდა რუსეთის საჰაერო თავდასხმის გამო წუხელ გამოცხადებული განგაში. თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე სარაკეტო დარტყმისთვის გამოიყენეს სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95. ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეტევა მოიგერიეს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ კიევის თავზე განადგურებული რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სახურავი და კერძო სახლი. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მაისის დასაწყისიდან კიევზე უკვე მე-13 შეტევა იყო.
აფეთქებები იყო ქალაქ დნიპროში. წინასწარი მონაცემებით, დანგრეული და დაზიანებულია 2 საწარმო და 2 კერძო სახლი. დაშავდა 1 ადამიანი.
რუსეთის თავდასხმის გამო საჰაერო განგაში ღამის სამ საათზე კიევიდან დაიწყო და ეტაპობრივად მოიცვა უკრაინის მთელი ტერიტორია. განგაში დილის ექვსი საათისთვის შეწყდა.
დაწერეთ კომენტარი