Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა რუსეთსა და ევროკავშირს შორის უკრაინის განაწილების ვარიანტები წამოაყენა


რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა წუხელ უკრაინასთან ომის დასრულების სცენარები წარმოადგინა და განცხადება ტელეგრამის არხით გაავრცელა. მედვედევი უპირატესობას ანიჭებს ვარიანტს, რომლის თანახმად, უკრაინის დასავლეთი რეგიონები ევროკავშირის ქვეყნებს მიუერთდება, აღმოსავლეთისა - რუსეთს, ხოლო შუა უკრაინის მოსახლეობა კენჭს უყრის რუსეთთან შეერთების საკითხს. ამ შემთხვევაში „კონფლიქტის დასრულდება საკმარისი გარანტიით, რომ აღარ გაჩაღდება ახლო პერსპექტივაში“, - წერს მედვედევი განცხადებაში, რომელსაც წაუმძღვარა ფრაზა: „ახლახან ვწერდი, რატომ გაქრება უკრაინა. ახლა იმის თქმის დროა, როგორ გაქრება უკრაინა და როგორია ევროპასა და მსოფლიოში კონფლიქტის განახლების საფრთხე“.

მედვედევი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინის რომელიმე ნაწილი დარჩება დამოუკიდებელი, ევროკავშირს ან ნატოს შეუერთდება, მოსალოდნელია, რომ საბრძოლო მოქმედებები კვლავ გაჩაღდეს და სრულ მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს.

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის სცენარის მიხედვით, არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომ უკრაინას გაინაწილებენ რუსეთი და ევროკავშირი, მაგრამ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში შეიქმნება უკრაინის მთავრობა დევნილობაში. კონფლიქტი შეწყდება ახლო მომავალში მისი არგანახლების შესახებ გონივრული გარანტიებით, მაგრამ „შენარჩუნებული იქნება უკრაინელი ნაცისტების ტერორისტული აქტიურობა, რომლებიც ევროკავშირის იმ ქვეყნების ტერიტორიებზე იმოქმედებენ, რომლებიც დასავლეთი უკრაინის მიწებს მიიღებენ. სრულმასშტაბიანი კონფლიქტის განახლების ან მისი მსოფლიო ომში გადაზრდის საფრთხე ამ შემთხვევაში ზომიერი რჩება“, - თვლის მედვედევი.

"სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს. ეს ყველას ესმის, მაშინაც, როცა იქ, დასავლეთში, ვიღაცას არ სურს ამის აღიარება“, - ასრულებს განცხადებას მედვედევი.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მედვედევი რუსეთის პრეზიდენტი იყო. ომის დასრულებიდან რამდენიმე კვირაში მან საქართველოს ტერიტორიები, „სამხრეთი ოსეთი" და აფხაზეთი, "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG