Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა "ლელომაც" გამართა


პარტია „ლელოს” წევრების ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში, თსუ-ს პირველი კორპუსიდან რუსთაველის მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა გაიმართა - ეს დღეს მეორე აქციაა, რომელიც მოქალაქეებმა გამართეს იმის საჩვენებლად, რომ მათთვის საქართველოს დროშის გვერდით ევროკავშირის დროშის არსებობა მნიშვნელოვანია.

აქციები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქალაქის სადღესასწაულო მორთულობაში ევროკავშირის დროშები არ გამოიყენა და საქართველოს პარლამენტის ფასადზე მხოლოდ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშების ბანერები დაკიდა.

26 მაისს პირველი მსვლელობა თბილისში დილის 11 საათზე გაიმართა, მოძრაობების, "ტალღისა" და "ჯიუტების" ორგანიზებით.

ლელოს ორგანიზებული აქცია კი დღის სამ საათზე დაიწყო.

"სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ წელს ვერ დაინახა ამ დღის აღნიშვნაში ევროკავშირის როლი. დროშა არ არის მხოლოდ სიმბოლო, დროშა არის პოლიტიკური განაცხადი. საქართველომ გააკეთა განაცხადი, ქართველმა ხალხმა გააკეთა განაცხადი, რომ მას უნდა ევროპული სახელმწიფო, ეს არის ჩვენი ეროვნული განაცხადი", - უთხრა რადიო თავისუფლებას "ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.


აქციაზე ისმოდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები და ასევე ცნობილი ქართველი შემსრულებლების, მათ შორის ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები.

"ჩვენთვის ევროპა არის ადამიანის უფლებები, მშვიდობა, კეთილდღეობა, განათლების და ჯანდაცვის მაღალი ხარისხი, ეს გვინდა ჩვენ", - უთხრა რადიო თავისუფლებას "ლელოს" კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი კუპრაძემ.

ევროპის დროშებით მსვლელობა გაიმართა ბათუმშიც, მემედ აბაშიძის გამზირზე.

„ქართულმა ოცნებამ გადაგვიმალა ყველაზე დიდი ჩვენი არჩევანი, რასაც ჰქვია ევროკავშირში გაწევრინება. ჩვენთის კი მნიშვნელოვანია ამ არჩევანის დაცვა, რომელსაც საფრთხის ქვეშაა“ - უთხრა რადიო თავისუფლებას გენო თებიძემ, "ლელოს" ბათუმის ორგანიზაციის თავჯდომარემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წელი გავიდა.

XS
SM
MD
LG