Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ელჩი ბრიტანეთში: "მოსკოვს ჯერ არ დაუწყია სერიოზული მოქმედება"


 ანდრეი კელინი, დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩი
ანდრეი კელინი, დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩი

"უკრაინისათვის დასავლური იარაღის მიწოდებამ შესაძლოა, ომის ესკალაცია აქამდე არნახულ დონემდე მიიყვანოს", - ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა ანდრეი კელინმა განაცხადა. დიპლომატის თქმით, მის ქვეყანას აქვს "უზარმაზარი რესურსები", თუმცა რუსეთი ჯერ არ გადასულა "ძალიან სერიოზულ ქმედებებზე."

ეს განცხადება გაკეთდა იმის მიუხედავად, რომ საომარი მოქმედებები წელიწადზე მეტია მიმდინარეობს და რუსეთის სამხედრო დანაშაულის არაერთი მტკიცებულება არსებობს. BBC-ის ჟურნალისტ ლორა კუნსბერგთან ინტერვიუში რუსეთის საქციელზე დასმულ შეკითხვაზე პასუხის ნაცვლად, კელინმა მიანიშნა, რომ კითხვა მას შეურაცხყოფდა. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ომი შესაძლოა, „ახალ განზომილებაში“ გადავიდეს.

რუსი დიპლომატი ინტერვიუს მსვლელობისას ამტკიცებდა, რომ მოსკოვს "ჯერ არ დაუწყია სერიოზული მოქმედება". მისი თქმით, "რუსეთი 16-ჯერ აღემატება უკრაინას და მას აქვს უზარმაზარი რესურსები". კელინი ამბობს, რომ კონფლიქტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ომის ესკალაციის ძალისხმევაზე, რომელსაც ნატოს ქვეყნები და განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი ახორციელებენ.

"რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, ეს ესკალაცია შეიძლება გადავიდეს ახალ განზომილებაში, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება და არ გვინდა. ჩვენ შეგვიძლია ხვალვე შევრიგდეთ", - დასძინა მან.

რუსეთის ელჩმა ეს კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა BBC-ის განუცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა, სულ მალე წამოიწყოს კონტრშეტევა.

თუმცა რუსეთის ელჩის მტკიცება, რომ მოსკოვს აქვს "უზარმაზარი რესურსები", არ შეესაბამება არაერთ სანდო ინფორმაციას, რომ სამხედროები არასათანადოდ აღჭურვილები და მოუმზადებლები არიან. ამის შესახებ საუბრობს კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს რუსეთ-უკრაინის ომში.

ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი სულ უფრო მწვავედ აკრიტიკებს მოსკოვის რეჟიმს. „შეიძლება რუსეთი დავკარგოთ, თუ ომი დამატებითი რესურსების გამოყოფის გარეშე გაგრძელდება“, - განაცხადა მან თავის ცნობილ მიმართვაში, რომლის ადრესატები რუსეთის თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი იყვნენ.

„სად არის საბრძოლო მასალა? მოხალისედ წამოსული ბიჭები იხოცებიან იმისთვის, რომ წითელი ხით გაწყობილ თქვენს კაბინეტებში დასუქდეთ?!“ - პრიგოჟინი ვიდეომიმართვის დროს დახოცილი რუსი ჯარისკაცების ფონზე იდგა.

XS
SM
MD
LG