Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხარაძე: რატომ არ არის ევროკავშირის მიერ ყველა რუსული ავიაკომპანია დასანქცირებული?


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე

რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის გამო საქართველოს მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარშს გამოეხმაურა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. როგორც მან თქვა, ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო ევროკავშირის დემარშის შესახებ. დეპუტატის აზრით, უცნაური შეიძლება იყოს, ევროკავშირი რუსეთისგან რატომ არ ითხოვს პასუხს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე.

„ცოტა უცნაურად შეიძლება, ჟღერდეს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხების მოთხოვნა შეიძლება, რაღაც ლოგიკაში ჯდებოდეს, თუმცა ამ შემთხვევაში, მგონი, პასუხს ასევე რუსეთის ხელისუფლებისგან უნდა ითხოვდეს ევროკავშირი, თუ რატომ მიიღო მან ვიზების გაუქმების გადაწყვეტილება ახლა და რატომ მიიღო ასევე ფრენებზე გადაწყვეტილება ახლა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მე პირადად მაინტერესებს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და კანონმდებელს, არის ის, თუ რატომ არ არის ევროკავშირის მიერ ყველა რუსული ავიაკომპანია დასანქცირებული და ალბათ ამ კითხვასაც დასვამს ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი და საინტერესო იქნება პასუხი. ჩვენ ვაწარმოებთ ძალიან გაცხადებულ პოლიტიკას, რომლის შესახებაც ძალიან დიდი ხანია, ჩვენმა პარტნიორებმა იციან. ჩვენ არ ვუწესებთ ორმხრივ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს, თუმცა ამავდროულად, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა სანქციების გვერდის ავლა რუსეთის მხრიდან არ მოხდეს საქართველოს ტერიტორიის გავლით. ეს არის უპირველესად ჩვენი ეკონომიკური ინტერესების გატარების პოლიტიკა და ჩვენი უსაფრთხოების გატარების პოლიტიკა“, – ნიკოლოზ სამხარაძის კომენტარს „პირველი არხი" ავრცელებს.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში მყოფ ევროკავშირის ყველა ელჩებთან ერთად დემარში გადასცა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრსლევან დავითაშვილს.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს დიპლომატიური დემარში გადასცეს.

ეს არ არის ევროკავშირის ქვეყნების მიერ საქართველოსთვის დემარშის გადაცემის პირველი შემთხვევა. ასე მოხდა 2023 წლის თებერვალშიც, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების უფლება მისცა.

20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა 16 მაისიდან აქვს. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომლის პირველი რეისის შესრულებასაც აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.

XS
SM
MD
LG