Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები ე.წ. ძალოვან უწყებებს მიმართავენ


ფოტო არქივიდან: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშები
ფოტო არქივიდან: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშები

„სახალხო მიტინგის“ დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ადგილობრივმა ოპოზიციურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს მიმართეს.

29 მაისს, საღამოს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის ე.წ. სამთავრობო შენობებთან სამხედრო ტექნიკა იყო მობილიზებული. ოპოზიციონერების თქმით, „აფხაზეთის კანონმდებლობა კატეგორიულად კრძალავს ძალოვანი სტრუქტურების, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობას სახელმწიფოს პოლიტიკურ პროცესებში“.

„ჩვენო ძვირფასო სამხედროებო და ოფიცრებო!

თქვენ ემსახურებით აფხაზეთის ხალხს და სწორედ თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, ჩვენი უსაფრთხოება თქვენს მხრებზეა და ჩვენ გვჯერა თქვენი!

თქვენ არ ხართ ის რეჟიმის მცველები, რადაც თქვენს გადაქცევას ცდილობენ. დღეს ხელისუფლება მზადაა, გაყიდოს ქვეყანა, შემოიტანოს ჩვენს ცხოვრებაში უცხო კანონები, ააშენოს ბინები და საუკეთესო მიწები დაურიგოს უცხოელ მოქალაქეებს, რომლებთანაც აფხაზებს არავითარი ურთიერთობა არ ექნებათ და ასეა ყველგან და ყველაფერში.

სახალხო მიტინგის სახის ღონისძიება მიმართულია ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო ქმედებების წინააღმდეგ. მოგიწოდებთ, არ დაარღვიოთ აფხაზეთის რესპუბლიკის კანონები, არ შეასრულოთ დანაშაულებრივი ბრძანებები, არ წახვიდეთ თქვენი ხალხის წინააღმდეგ, რომლის ინტერესების დაცვაცაა თქვენი მოწოდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციამ ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მშობლებსაც მიმართა: „თქვენს შვილებზე უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება, რათა აიძულონ ისინი დაუპირისპირდნენ თავიანთ ხალხს დღევანდელი რეჟიმის დასაცავად. შეახსენეთ მათ, ისინი არიან თავისი ხალხის სისხლი და ხორცი“.

განცხადების ავტორები არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები „აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“, “არუაა", „ვეტერანთა და ახალგაზრდობის კავშირი“, "აამტა“, „ერთობა“, პარტიები „აფსნი" და „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი“.

29 მაისს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ უწყება „იცავს აფხაზეთის მოსახლეობას და კონსტიტუციურ წესრიგს“. ე.წ. გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ თქვა, რომ სამთავრობო შენობების ფასადებზე გარე სათვალთვალო კამერები დამონტაჟდა და მიმდინარეობს სადღეღამისო ჩაწერა.

ტელეგრამის არხები იტყობინებოდნენ, რომ 29-30 მაისის ღამეს ე.წ. სამთავრობო კომპლექსთან არსებული ხიდი დაშალეს.

მანამდე ცნობილი გახდა რვა ადამიანის დაკავების შესახებ, მათ შორის იყო „აფხაზეთის სახალხო მოძრაობის“ ლიდერის, ადგურ არძინბას ნათესავი. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ღონისძიების გატარება მიმართულია სამართალდარღვევისა და დანაშაულის პრევენციისკენ, აფხაზეთის მოქალაქეებისა და სტუმრების საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება და ოპოზიცია 30 მაისისთვის დანიშნული „დიდი სახალხო მიტინგისთვის“ ემზადებიან.

დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი ოპოზიცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი ე.წ. მთავრობას ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ და დე ფაქტო პრეზიდენტს მისი დათხოვნისკენ მოუწოდებენ, თუმცა ასლან ბჟანიამ უყურადღებოდ დატოვა ოპოზიციის ულტიმატუმი, რომლის ორკვირიანი ვადა ორი დღის წინ ამოიწურა.

XS
SM
MD
LG