Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ამ თვეში მეორედ განაცხადა, რომ გაანადგურა უკრაინული Patriot-ი


სარაკეტო თავდაცვის სისტემა Patriot-ები. სლოვაკეთი, 6 მაისი, 2022.
სარაკეტო თავდაცვის სისტემა Patriot-ები. სლოვაკეთი, 6 მაისი, 2022.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 30 მაისს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ კიევში განადგურებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი. მისი თქმით, ეს მოხდა ქალაქზე ბოლო დარტყმების დროს, იუწყება ტასი. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ Patriot-ს, რომელზეც შოიგუმ ილაპარაკა, არაფერი დაშავებია.

შოიგუს არ უთქვამს, როდის და როგორ მოხვდა რაკეტა უკრაინულ საჰაერო თავდაცვის სისტემას, როგორც ამას რუსეთის სამხედროები იტყობინებიან. რუსეთს ამ განცხადების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. 29 მაისს, კიევზე დღისით განხორციელებული დარტყმის შემდეგ, რუსმა სამხედრო ბლოგერებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ცაზე ჩანს საზენიტო კომპლექსიდან გასროლილი რაკეტის კვალი. მათი თქმით, ეს Patriot-ის კვალია. ვიდეოს ავთენტურობა არ არის დადასტურებული.

ამერიკული წარმოების Patriot-ის განადგურების შესახებ პირველი ინფორმაცია გაჩნდა კიევზე 15 მაისის ღამით იერიშის შემდეგ. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ეს ცნობა უარყვეს. მოგვიანებით პენტაგონმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა დაზიანდა, მაგრამ ის სწრაფად გარემონტდა და დაბრუნდა ექსპლუატაციაში.

მაისის დამდეგიდან რუსეთის ხელისუფლებამ კიევს 17-ჯერ შეუტია რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ თითქმის ყველა რაკეტას გადაუჭრეს გზა. სამხედრო კონფლიქტების მხარეები ხშირად გადაჭარბებულად აფასებენ საკუთარ შედეგებს და აკნინებენ მტრის წარმატებებს. უკრაინაში აკრძალულია საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობისა და დაბომბვის შედეგების გადაღება, რაც შეუძლებელს ხდის მოსკოვისა და კიევის განცხადებების დამოუკიდებლად შეფასებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG