Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

[პრეზიდენტის კრიტიკას] მოვისმენთ და მოვიწყენთ - კობახიძე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში გამოსვლაზე


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, დეპუტატი ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, დეპუტატი ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში "ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებებით" გამოვა. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარში თქვა.

"დავიტოვებ იმედს, გვაქვს სურვილი, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, მით უმეტეს, პრეზიდენტისგან მოვისმინოთ ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები, მით უმეტეს მაღალი ტრიბუნიდან. დავიტოვოთ ამის იმედი, ვნახოთ, როგორი იქნება განცხადებები. თუ გააკრიტიკებს ქვეყანას და დააზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, ეს იქნება ძალიან სამწუხარო", - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვას, ამ შემთხვევაში რა ნაბიჯს გადადგამს მმართველი გუნდი, კობახიძემ ასე უპასუხა: "რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ? მოვისმენთ და მოვიწყენთ".

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 29 მაისს გაემგზავრა.

13-წლიანი პაუზისა და აპრილში ერთხელ უკვე გადადებული ვიზიტის შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს დღეს, 31 მაისს, სიტყვით მიმართავს.

ევროპელი დეპუტატები სალომე ზურაბიშვილის მოსასმენად 18 აპრილისთვის ემზადებოდნენ და ეს საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგშიც იყო გათვალისწინებული, თუმცა აპრილის შუა რიცხვებში გაირკვა, რომ პრეზიდენტი სტრასბურგში აღარ ჩავიდოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ „უმნიშვნელოვანესი ვიზიტი“ სალომე ზურაბიშვილმა „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო“ გადადო.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, პრეზიდენტმა ზეპირი თანხმობა „ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში“ მიიღო, რასაც 13 აპრილს მოჰყვა „წერილობითი თანხმობა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის „დაზუსტებულ წერილზე“. შუალედში, მთელი ამ კვირების განმავლობაში, მთავრობის ინფორმაციით, „მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება“.

31 მარტს, პარლამენტში მორიგი ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრეზიდენტის სიტყვა „ქართული ოცნების“ მიმართ უკიდურესად კრიტიკული იყო. სწორედ ამიტომ, ექსპერტებმა არ გამორიცხეს, რომ პრეზიდენტს ვიზიტის დაგეგმვისას მართლაც შეექმნა ხელოვნური ბარიერი, რათა მწვავე კრიტიკა ამჯერად ევროპარლამენტის ტრიბუნიდან არ გაემეორებინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG