საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტში 30 ივნისს მოუსმენენ. მან დეპუტატებს ერთი წლის ანგარიში უნდა წარუდგინოს.
საქართველოს პარლამენტის წევრმა და ფრაქციის, "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ ამ თარიღზე შეთანხმება საქართველოს რეგლამენტის დარღვევით მოხდა.
"რეგლამენტის თანახმად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აქვს ვალდებულება, პირველ ივნისამდე წარმოადგინოს ყოველწლიური ანგარიში. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა პრაქტიკულად ყოველდღიურად ანტიდასავლურ და ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებს ეს ადამიანი, სწორი იქნება თქვენც მოითხოვოთ, რომ პრემიერ-მინისტრი წარსდგეს პარლამენტის წინაშე და უმწვავეს კითხვებს გასცეს პასუხები", - თქვა ბოკუჩავამ.
მას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ყოველწლიური მოხსენების თარიღი შეთანხმებულია და ვადები არ დაირღვევა.
"დროულად იქნება ყველაფერი, თარიღიც შეთანხმებულია. 30 ივნისს პრემიერი წარდგება პარლამენტში წლიური ანგარიშით და ასევე წერილობითი ანგარიშიც ვადებში იქნება მოწოდებული. ეს ყველაფერი უკვე შეთანხმებულია პრემიერ-მინისტრთან... მე შევათანხმე. სამყარო არ არის თქვენს კაპრიზებზე აწყობილი. არის რეგლამენტი, ამ წესებზე დაყრდნობით მოხდა შეთანხმება", - უთხრა თავმჯდომარემ დეპუტატს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრად მეორე ვადით მუშაობის განმავლობაში, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილი მესამედ წარდგება.