ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა სასაზღვრო ქალაქ შებეკინოს დაბომბვის შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლება დაიწყებს ბავშვების უსაფრთხო ადგილებზე გაყვანას.
"შებეკინოს და გრაივორონსკის რაიონებიდან პირველი სამასი ბავშვი გაიგზავნება ვორონეჟში", - დაწერა გლადკოვმა ტელეგრამის არხში.
მისი მტკიცებით, დაბომბვა ზალპური ცეცხლის რეაქტიულ დანადგარ „გრადიდან“ განხორციელდა. „ოთხი ადამიანი დაშავდა, ორი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საცხოვრებელი კორპუსები დაზიანებულია, ტრანსპორტი ცეცხლშია", - წერს გლადკოვი.
30 მაისს თავდასხმა მოხდა ბელგოროდის რეგიონის შებეკინოს არეალში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება და ბოლო კვირებში რამდენიმე იერიშის სამიზნე გახდა. ამის გამო სამოქალაქო პირები დროებით თავშესაფრებს აფარებენ თავს.
ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინის ძალებს ადანაშაულებს საარტილერიო ცეცხლის გახსნაში.
გლადკოვმა თქვა, რომ რეგიონში შექმნილი ვითარება "რეალურად ომია" - ანუ გამოიყენა სიტყვა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება თავს არიდებს უკრაინაში მიმდინარე შეტაკებების აღწერისას.
უკრაინის მხარეს თავდასხმის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია. ბელგოროდსა და რუსეთის სხვა ტერიტორიებზე მომხდარ ბოლოდროინდელ აფეთქებებთან უკრაინის პირდაპირი კავშირი გამორიცხა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა.
„ყველაფერი, რაც რუსეთში ხდება, ეს შიდა ალტერნატიული საპროტესტო განწყობების მკვეთრი ზრდის შედეგია“, - განაცხადა პოდოლიაკმა რადიო თავისუფლების რუსულენოვან ტელეარხ "ნასტოიაშჩეე ვრემიასთნ" ინტერვიუში.