Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სასამართლომ კიდევ ერთხელ დააყადაღა ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლის ქონება


ოქსანა მარჩენკო
ოქსანა მარჩენკო

უკრაინის სასამართლომ კიდევ ერთხელ დააყადაღა პრორუსი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის მეუღლის, ყოფილი ტელეწამყვანი ოქსანა მარჩენკოს ქონება. ახალი აქტივები შეფასებულია 740 მილიონ გრივნად (19,8 მილიონ დოლარზე მეტი). ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) იტყობინება.

საუბარია ოდესის რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურის შვიდი საწარმოს აქციებზე. SBU-ს ცნობით, მარჩენკო აქციებს ფლობს რამდენიმე ოფშორული კომპანიის მეშვეობით.

უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ ამ კომპანიებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გავლით საწვავისა და სხვა კრიტიკული ტვირთების გადაზიდვაში.

„აქტივების ჩამორთმევა დაიცავს მათ ფიქციურ პირებზე ხელახალი რეგისტრაციისგან და შესაძლებელს გახდის მომავალში მათ გადაცემას ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - ნათქვამია SBU-ს განცხადებაში.

მანამდე დეპარტამენტი მინიმუმ სამჯერ მაინც იტყობინებოდა მარჩენკოს სხვადასხვა ქონების დაყადაღების შესახებ: თებერვალში - $152,4 მილიონის ღირებულების, მარტში - $11,9 მილიონის, აპრილში - $27 მილიონზე მეტისა.

მარჩენკო ეჭვმიტანილია იმ ქმედებების დაფინანსებაში, რომლებიც ჩადენილია კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლის ან დამხობის, ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, უკრაინის ტერიტორიის ან სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მიზნით.

ვიქტორ მედვედჩუკი არის ლიდერი ომის დაწყების შემდეგ აკრძალული ოპოზიციური პარტიისა „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“. ცნობილია მისი მეგობრული ურთიერთობები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელიც მისი ნათლიმამაა. 2021 წლის მაისიდან მოკიდებული მედვედჩუკი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან სამ დღეში ცნობილი გახდა მედვედჩუკის გაქცევის შესახებ. 2022 წლის აპრილში ის დააკავეს და შემდეგ სასამართლოს განკარგულებით დააპატიმრეს. სექტემბერში უკრაინის მხარემ მედვედჩუკი უკრაინელ სამხედრო ტყვეებში გაუცვალა რუსეთს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG