Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის მთავრობამ ვიდეოში უკრაინის რუკა ყირიმის გარეშე აჩვენა


უნგრეთის პარლამენტის შენობა
უნგრეთის პარლამენტის შენობა

უნგრეთის მთავრობამ მშვიდობისკენ მოწოდების სახით გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც უკრაინის რუკა ანექსირებული ყირიმის გარეშეა ნაჩვენები. ვიდეოჩანაწერი იუტუბზე რამდენიმე დღის წინ აიტვირთა, თუმცა უკრაინის პრესამ და უნგრეთის ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა მას ყურადღება 3 ივნისს მიაქციეს.

კადრს გარეთ ისმის ტექსტი, რომ ობლად დარჩა ათიათასობით ბავშვი, დაინგრა ასობით შენობა, 10 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია სახლ-კარი დეტოვებინა - თუმცა ომი გრძელდება და იოლად შეიძლება მსოფლიო ომში გადაიზარდოს. "საკმარისია ომი, ნგრევას მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა შეაჩერებს, ადამიანთა სიცოცხლეს მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკება გადაარჩენს", - ნათქვამია ვიდეოში.

ჩანაწერი მოიცავს ლტოლვილების და დანგრეული ნაგებობების კადრებს. გარკვეული დროის შემდეგ ვიდეოში ჩნდება უკრაინის რუკა, მაგრამ ყირიმი მის შემადგენლობაში არ არის. თუმცა უნგრეთი, ისევე, როგორც მსოფლიოს უმეტესი სახელმწიფო, არ მიიჩნევს კანონიერად ნახევარკუნძულის ანექსიას რუსეთის მიერ.

გაურკვეველია, რას უკავშირდება ასეთი რუკის ჩვენება ვიდეოში.

პარასკევს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ შეტევის განხორციელების შემთხვევაში უკრაინას, შესაძლოა, მძიმე დანაკარგი მიადგეს და კიევს კვლავ მოუწოდა მოსკოვთან მოლაპარაკებისკენ. ამის პასუხად უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მკაცრად გააკრიტიკა ბუდაპეშტის წინადადება. "თუ ასეთი ჭკვიანები ხართ, დაარწმუნეთ პუტინი, უკრაინიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს", - განაცხადა მან.

კულებას თქმით, კიევს სურს მშვიდობა რაც შეიძლება მალე დამყარდეს, თუმცა ეს მშვიდობა სამართლიანი უნდა იყოს და უნდა დაეფუძნოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყირიმის ჩათვლით.

ვიქტორ ორბანს მიიჩნევენ რუსეთის მიმართ თბილად განწყობილ პოლიტიკოსად. თავად ის ამას უარყოფს და ამბობს, რომ უნგრეთის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. თუმცა ბუდაპეშტი უარს აცხადებს კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე, ან თავისი ტერიტორიის დათმობაზე უკრაინის არმიისთვის გამიზნული იარაღის გადასატანად. უნგრეთი გამოდის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების მოწოდებითაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG