ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა უკრაინასთან საზღვრის ახლოს მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდა, დროებით დატოვონ თავიანთი სახლები.
ეს მოწოდება გლადკოვმა დაუკავშირა რეგიონისთვის ცეცხლის გახსნის შემთხვევებს. "თხოვნაა, ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, პირველ რიგში, შებეკინსკის არეალში, რომლებსაც ცეცხლს უხსნიან, მოუსმინონ მთავრობის პოზიციას და დატოვონ, დროებით დატოვონ თავიანთი სახლები იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ... სიცოცხლე", - წერს გლადკოვი 4 ივნისს ტელეგრამით.
გლადკოვის თანახმად, 4 ივნისის ღამეს ოლქში ცეცხლი გაუხსნეს შებეკინსკის და ვოლოკონოვსკის რაიონებს. მანამდე ოლქში სროლის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ირწმუნება ბელგოროდის გუბერნატორი. მისივე თქმით, დროებითი დასახლების პუნქტებში ამჟამად 4 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება.
პარალელურად, ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელი პირები იუწყებიან, რომ კვირას, ღამით, ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში დრონი იქნა ჩამოგდებული.
უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის, ბრიანსკისა და კურსკის ოლქების წარმომადგენლები აცხადებენ მათი ტერიტორიებისთვის სისტემატურად გახსნილ ცეცხლზე. თავდასხმებში ისინი უკრაინის არმიას ადანაშაულებენ. უკრაინის ხელისუფლება სროლის შემთხვევებზე განცხადებებს არ აკეთებს.