Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დაკავებულებს თელავის იზოლატორიდან, სავარაუდოდ, 23:00 საათზე გამოუშვებენ - იურისტი


თელავის პოლიცია
თელავის პოლიცია

თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დღეს, 23:00 საათზე, გამოუშვებენ სამ პირს, რომლებიც თბილისში 2 ივნისს გამართული აქციის დროს დააკავეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას "დემოკრატიის მცველების" ხელმძღვანელმა, იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ განუცხადა. იგი ახლა თელავში იმყოფება.

„ცოტა ხნის წინ დაკავებულებთან ადვოკატი იყო შესული და როგორც ვიცით, 23:00 საათზე გამოუშვებენ, დაახლოებით ამ დროს იწურება 48-საათიანი ვადა. სასამართლო პროცესი დღეს გამორიცხულია, არ იქნებაო“, - თქვა მშვენიერაძემ.

თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება 2 ივნისის აქციის დროს დაკავებული 3 პირი: არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე, ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი, „ღია საზოგადოების ფონდის“ თანამშრომელი, უფლებადამცველი საბა ბრაჭველი და აქტივისტი ნიკა რომანაძე.

დაკავებულთა უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ იცავს. ორგანიზაციის იურისტი ვანო ჩიტაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არც დაკავების და არც ვადის 48 საათამდე გახანგრძლივების საფუძველი არსებობდა.

„გავრცელებულ არაერთ ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ დაკავება იყო უკანონო. არ არსებობდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები. კანონით, წინასწარი დაკავების ვადაა მაქსიმუმ 24 საათი, მაგრამ შს სამინისტროს შეუძლია, რომ წინასწარი დაკავების ვადა 24 საათიდან 48 საათამდე გაზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს დრო მტკიცებულებების მოპოვებისთვის სჭირდება. კითხვას ვსვამთ - რაში დასჭირდათ ვადის გახანგრძლივება, როცა ბევრი ვიდეო გავრცელდა ადგილიდან და ასევე პოლიციელებს აქვთ სამხრე კამერები, რაც მათ, წესით, ინფორმაციის სწრაფად მოპოვების საშუალებას აძლევს. ამიტომ ვთვლით, რომ ვადის გახანგრძლივებაც უკანონოა“, - უთხრა ჩიტაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ადვოკატებისთვის ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, თუ როდის დაინიშნება სასამართლო სხდომა.

პარლამენტის შენობის წინ დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG