Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი არტილერისტები დონეცკის ოლქში
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი არტილერისტები დონეცკის ოლქში

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წუხელ გამოაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მსხვილმასშტაბიანი შეტევა. ოპერაციის ადგილად დასახელებულია დონეცკის ოლქის ის ნაწილი, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქს ესაზღვრება.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა ღამის ორი საათის შემდეგ გაავრცელეს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ კონაშენკოვის განცხადება, რომლის თანახმად, „4 ივნისს, დილიდან მოწინააღმდეგემ დაიწყო მსხვილმასშტაბიანი შეტევა ფრონტის ხუთ მონაკვეთზე სამხრეთ დონეცკის მიმართულებით“. კონაშენკოვის თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალების „სტრატეგიული რეზერვებიდან“ ბრძოლაში ჩაერთნენ 23-ე და 31-ე მექანიზებული ბრიგადები, სხვა სამხედრო ნაწილების და ქვედანაყოფების მხარდაჭერით.

რუსი გენერლის განცხადებით, მოწინააღმდეგის მიზანი იყო, "მისი აზრით, ფრონტის ყველაზე მოწყვლად მონაკვეთებზე" რუსეთის თავდაცვის პოზიციების გარღვევა, რასაც "ვერ მიაღწია და წარმატება არ ჰქონია". კონაშენკოვის მტკიცებით, რუსეთის არმიის აღმოსავლეთის დაჯგუფების მოქმედებების შედეგად, უკრაინის პირადი შემადგენლობის დანაკარგი 250-ს აჭარბებს და განადგურებულია 16 ტანკი, ქვეითთა 3 საბრძოლო მანქანა და 21 ჯავშანმანქანა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შეტევის მიმართულებით მდებარე მართვის ერთ-ერთ პუნქტზე პირადად იმყოფებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ვალერი გერასიმოვი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს კონტრშეტევის დაწყების შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ. საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების შესახებ არც სხვა წყაროები იუწყებიან.

4 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ტელეგრამზე გამოაქვეყნა 34-წამიანი ვიდეო, რომელზეც ასახულია უკრაინის თავდაცვის ძალების რამდენიმე სამხედრო. მათ სიჩუმის ნიშნად თითი ტუჩთან მიაქვთ. ვიდეოკადრები მთავრდება წარწერით „გეგმებს უყვართ სიჩუმე. დაწყების შესახებ განცხადება არ იქნება“.

ბოლო თვეებში, სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდებოდა ცნობები, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევაზე გადასვლას გაზაფხულზე გეგმავდნენ.

XS
SM
MD
LG