Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი მინისტრი კრიტიკულს უწოდებს კიევში არსებული თავშესაფრების მდგომარეობას


1 ივნისს, რუსეთის სარაკეტო შეტევისას მოქალაქეთა ნაწილს დაკეტილი დახვდა კიევის დესნიანსკის რაიონში მდებარე პოლიკლინიკის თავშესაფარი
1 ივნისს, რუსეთის სარაკეტო შეტევისას მოქალაქეთა ნაწილს დაკეტილი დახვდა კიევის დესნიანსკის რაიონში მდებარე პოლიკლინიკის თავშესაფარი

უკრაინის მთავრობაში კრიტიკული უწოდეს რუსეთის თავდასხმებისგან თავის დასაცავად კიევში არსებული თავშესაფრების მდგომარეობას.

5 ივნისს, დილით, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ოლექსანდრ კამიშინმა გამოაქვეყნა შემოწმების მეორე დღის შედეგები, რომელთა თანახმად, 1849 თავშესაფრიდან 596(32%) გამოყენებისთვის მზად არ არის, 242(13%) კი, საერთოდ ვერ გააღეს. მინისტრის განცხადებით, სიტუაცია კრიტიკულია, რადგან უკვე შემოწმებული თავშესაფრების ნახევარი მზად არ არის. კამიშინის ინფორმაციით, ორ დღეში კიევის თავშესაფრების მესამედი შემოწმდა.

რევიზია მას შემდეგ დაიწყო, რაც 1 ივნისს, რუსეთის სარაკეტო შეტევისგან თავის დასაცავად გაქცეულ მოქალაქეებს დაკეტილი დახვდათ კიევის დესნიანსკის რაიონში მდებარე პოლიკლინიკის თავშესაფარი. დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი.

კიევის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მძიმე შედეგების გამომწვევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე. 3 ივნისს სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა პოლიკლინიკის დარაჯს და შინაპატიმრობა - სამედიცინო დაწესებულების დირექტორს, მის მოადგილეს და დესნიანსკის რაიონის ერთ-ერთ ხელმძღვანელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG