Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდის გუბერნატორი: აღარ მოგვეპოვება აღდგენისთვის საჭირო თანხები


ადგილი, სადაც რუსულ გამანადგურებელს, „სუ-34-ს“ ბომბი ჩამოუვარდა. ბელგოროდი, რუსეთი. 22 აპრილი, 2023.
ადგილი, სადაც რუსულ გამანადგურებელს, „სუ-34-ს“ ბომბი ჩამოუვარდა. ბელგოროდი, რუსეთი. 22 აპრილი, 2023.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ ფონდში, რომელიც სროლით დაზიანებული შენობების აღდგენის მიზნით შეიქმნა, არ არის საკმარისი თანხები. ორშაბათს გამართულ სხდომაზე გლადკოვმა ასევე აღნიშნა, რომ შებეკინოს რაიონში ჯერჯერობით არ ხერხდება აღდგენის სამუშაოების დაწყება. ამის შესახებ იუწყება გამოცემა Коммерсантъ-ი.

გლადკოვი არ აკონკრეტებს, რა ოდენობის თანხაა საჭირო სამუშაოებისთვის ან რამდენს უტოლდება მიყენებული ზარალი.

შებეკინოს ოლქის ხელმძღვანელმა ვლადიმირ ჟდანოვმა თქვა, რომ ერთი კვირის განმავლობაში სროლის შედეგად დაზიანდა ან სრულად დაინგრა 1 150 ბინა 67 საცხოვრებელ კორპუსში და 370 კერძო სახლი.

უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე შებეკინოში და მის მოსაზღვრე დასახლებულ პუნქტებში გასულ კვირაში სროლა გახშირდა, ხალხმა ქალაქის დატოვება დაიწყო, თუმცა სავალდებულო ევაკუაცია არ გამოცხადებულა. მცხოვრებთა ნაწილი ბელგოროდის თავშესაფარში განათავსეს, ბავშვები გაჰყავთ სხვა რეგიონებში მდებარე ბანაკებში.

ოლქის ხელმძღვანელი პირები სროლაში უკრაინას ადანაშაულებენ, თუმცა უკრაინის მხარე არაფერს იუწყება რუსეთის ტერიტორიაზე ცეცხლის გახსნაზე ან სახელმწიფო საზღვრის მეორე მხარეს საომარ მოქმედებებზე.

ბელგოროდის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეიდებზე პასუხისმგებლობას კისრულობენ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსეთის ფორმირებები - "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" და ლეგიონი "რუსეთის თავისუფლება". ისინი ასევე აცხადებენ, რომ რუსეთში დასახლებულ პუნქტებს საკუთრივ რუსი სამხედროები უხსნიან ცეცხლს.

XS
SM
MD
LG