Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი კახოვკის ჰესზე თავდასხმას გამანადგურებელი ომის შედეგად აფასებს


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად გამოეხმაურა უკრაინაში კახოვკის ჰესზე თავდასხმას. მისი თქმით, ბრუტალური და დამანგრეველი ომის შედეგად განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის ოცი პროცენტი.

„ეს არის ერთ-ერთი ამ ბრუტალური, დამანგრეველი ომის შედეგი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში. ეს ახალი არ არის. კახოვკის ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის ოცი პროცენტი - ქალაქები, სოფლები მიწასთან არის გასწორებული. კახოვკის ჰესი ერთ-ერთია და სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, როდესაც მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ ყოველდღიურად. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურად და მე მგონი, ვერავინ ვერ ხედავს რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს. პირიქით, ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, მეტ აგრესიას. ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა და უკრაინის ამ დამანგრეველი ომის შედეგად ოცი პროცენტი არის ოკუპირებული. ეს არის დღევანდელი რეალობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში „ტორპედოს“ რეაბილიტირებული სტადიონის მონახულების შემდეგ მედიასთან კომენტარში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე გამოეხმაურა უკრაინის კახოვკის ჰესზე "საშინელ თავდასხმას", დაგმო ის და განაცხადა, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.

ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰესი ააფეთქეს, დღეს დილით გაავრცელა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ. ჰესი მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კახოვკის ჰესის დანგრევა უკრაინის შეიარაღებული ძალების წუხანდელმა შეტევამ გამოიწვია.

ჰესის ნგრევის შედეგად წყლის დონის მომატების და უკონტროლო დინებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო ხერსონის ოლქის ორივე - რუსეთის მიერ ოკუპირებული და კიევის მიერ კონტროლირებული - ნაწილიდან. სახიფათო ზონა 80-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს მოიცავს.

როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.

XS
SM
MD
LG