Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში ადიდებულმა მდინარემ ათეულობით ოჯახი დააზარალა


უხვი ნალექის შედეგები სოფელ გავაზში
უხვი ნალექის შედეგები სოფელ გავაზში

რამდენიმე საათია, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ძლიერი წვიმისგან ადიდებული მდინარე ფატმასური კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელში გზები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი დატბორა - დაიხოცა შინაური ფრინველი და ცხოველი. დაზიანდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკაც.

გავაზელების თანახმად, მდინარიდან წყლის გადმოსვლის მიზეზი გაუწმენდავი კალაპოტია. ასევე მოუწესრიგებელია სოფლის სანიაღვრე არხებიც.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში ძლიერ წვიმას თან ერთოდა სეტყვა. დაზიანებულია ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების ნაწილი.

უხვი ნალექის შედეგი სოფელ გავაზში
უხვი ნალექის შედეგი სოფელ გავაზში

დღეს ყვარლის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში ჩავიდა სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ალადაშვილი. მან არ გაიზიარა მდინარის გაუწმენდავ კალაპოტსა და სანიაღვრე არხებზე მოსახლეობის ნაწილის პრეტენზიები.

"ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა, ასევე სამაშველო სამსახური წუხელ ღამიდან ამ დრომდე ადგილზე არიან და მუშაობენ. სახლებიდან მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს არხები გაუწმენდავი იყო, მერიის მიერ ეს არხები ყოველ წელს იწმინდება და უყურადღებოდ არ ყოფილა დატოვებული. უქაროდ იყო უხვი ნალექი, რომელიც არსებმა ვერ გაატარა“, - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ალადაშვილმა.

მდინარე ფატმასური ღვარცოფული მდინარეების კატეგორიას მიეკუთვნება და წვიმის დროს საფრთხეს ქმნის. მდინარე 2016 წელსაც ადიდდა და ათეულობით ოჯახი დააზარალა.

რადიო თავისუფლებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს, რომ სოფელში მუშაობენ სპეციალური კომისიის თანამშრომლები, რომლებიც ზარალის ოდენობას ითვლიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG