Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მიერ "განადგურებულ" გერმანულ "ლეოპარდებში", სავარაუდოდ, ტრაქტორი ამოიცნეს


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროები გერმანულ ტანკთან „ლეოპარდი“
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროები გერმანულ ტანკთან „ლეოპარდი“

უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერმა რუსმა სამხედრო ბლოგერებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულეს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში.

6 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩამონათვალი იმ სამხედრო ტექნიკის, რომელიც უკრაინის არმიას ბოლო დღეებში „გაუნადგურეს“. მათ შორის დასახელებული იყო 8 გერმანული ტანკი „ლეოპარდი“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მათი „განადგურების ამსახველი" კადრებიც.

როგორც გერმანული მაუწყებლის, DW-ს რუსული სამსახური წერს, უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერმა რამდენიმე რუსმა ბლოგერმა ვიდეოში ამოიცნო სოფლის მეურნეობაში გამოყენებული, სულ მცირე ერთი ტრაქტორი John Deere 4830 და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქმედებას სამარცხვინო უწოდა. უკრაინული ტელეგრამ-არხების თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ლეოპარდად“ გაასაღა კომბაინებიც John Deere 9000 და John Deere 700.

ომის შესახებ ცნობები, რომლებიც არ არის გავრცელებული რუსეთის ოფიციალური სტრუქტურების მიერ, "ფეიკად" ითვლება და მათი გამოქვეყნება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს. ამ მუხლით უკვე გასამართლებულია კრემლის პოლიტიკის არაერთი მოწინააღმდეგე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს ბოლო ხანს მწვავედ აკრიტიკებენ უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი რუსი ბლოგერები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, თუმცა, მათ წინააღმდეგ "ფეიკებისთვის" საქმე არ აღძრულა.

XS
SM
MD
LG