Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელებით 60 წლის კაცი გარდაიცვალა


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელებით დაავადებული რვა ინფიცირებულიდან ერთი, 60 წლის კაცი გარდაიცვალა. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა - ახალციხის კლინიკას მან 1 ივნისს მიმართა.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განსაკუთრებით მძიმე ინფექციების ჯგუფს განეკუთვნება. ამ დაავადებით გამოწვეული ლეტალობის მაჩვენებელი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 10-40%-ია.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალციხის რეფერალურმა ჰოსპიტალმა, პაციენტის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, იგი მიღებისთანავე გადაამისამართა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც კვლევა ჩაუტარდა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ინფიცირებულს მაღალი ტემპერატურა და მუცლის ტკივილი ჰქონდა, მათ კი ეგონათ, რომ ეს ინტოქსიკაციის შედეგი იყო.

კაცი 3 ივნისს გარდაიცვალა.

ყირიმ-კონგოს ინფექციით ადამიანები ავადდებიან ინფიცირებული ცხოველის/საქონლის სისხლთან ან ქსოვილებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად (მაგალითად, ცხოველის დაკვლის დროს);

ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებულის სისხლთან და/ან ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას;

ადამიანების უმეტესობა, 80-90%, ყირიმ-კონგოს ინფექციით ტკიპის ნაკბენით ინფიცირდება. ტკიპები ვირუსის რეზერვუარებიც არიან და გადამტანებიც.

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც სამცხე-ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება გავრცელდა. ადამიანთა ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ახალციხის სოფლებში, მუსხსა და წყალთბილაში, ასპინძის სოფელ ტოლოშსა და ადიგენის სოფელ ნაქურდევში.

პირველად ყირიმ-კონგოს ცხელების შემთხვევები რეგიონში 2013 წელს გამოვლინდა. მას შემდეგ შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. დაავადების რთული მიმდინარეობის გამო, პაციენტების ნაწილს თბილისში, რეანიმაციულ განყოფილებაში ათავსებენ.

2015-2021 წლებში ყირიმ-კონგოთი ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში 5-დან 24 შემთხვევამდე მერყეობდა მაშინ, როდესაც 2022 წელს 47 შემთხვევა აღირიცხა, მათგან 3 პაციენტი გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG