Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი: კახოვკის ჰესი რუსეთის კონტროლქვეშ იყო და ნგრევაზე პასუხისმგებელი ის არის


კახოვკის ჰესის ნგრევის შედეგად წყლით დაფარული დასახლება. 2023 წლის 7 ივნისი
კახოვკის ჰესის ნგრევის შედეგად წყლით დაფარული დასახლება. 2023 წლის 7 ივნისი

აშშ-ს ჯერ არ დაუსრულებია იმის შეფასება, კონკრეტულად რამ გამოიწვია კახოვკის ჰესის ნგრევა. თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა 7 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეფასებას განაგრძობენ და კავშირი აქვთ უკრაინელებთან.

ჟან-პიერმა კატასტროფის მასშტაბს სულისშემძვრელი უწოდა და თქვა, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, კაშხალი რუსეთის კონტროლქვეშ იყო და მას ეკისრება პასუხისმგებლობა ომით გამოწვეულ ნგრევაზე.

  • 6 ივნისს, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რუსეთმა ააფეთქა "მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი" და ეს არის ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპაში ადამიანის ხელით გამოწვეული უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა.
  • კახოვკის კაშხალი მდებარეობდა ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
  • პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო რუსი სამხედროების მიერ ჰესის აფეთქება და მომხდარს უწოდა "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია".
  • ანალიტიკოსების ნაწილი ერთ-ერთ ვერსიად იმას განიხილავს, რომ კაშხალი შესაძლოა, თავად დაინგრა საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად.
  • კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.
  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით.
  • რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით.
  • როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG