Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: კახოვკის ჰესის აფეთქებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დანაკარგი განიცადეს


საილუსტრაციო ფოტო. კახოვკის კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობა
საილუსტრაციო ფოტო. კახოვკის კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დანაკარგი განიცადეს.

გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მოწინააღმდეგე არ იყო მზად კაშხლის აფეთქების შედეგებისთვის. უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიაში და არმიის 22-ე კორპუსში არიან დაღუპულები, დაშავებულები და დაკარგულები. მათი რიცხვი დასახელებული არ არის. უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, ამ ქვედანაყოფებმა დაკარგეს საბრძოლო მასალების და სურსათის რამდენიმე საველე საწყობი, საავტომობილო და ჯავშანტექნიკა და სხვა სამხედრო ქონება.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 6 ივნისს, როცა ქალაქ კახოვკიდან დაიწყო საკუთარი ავტომანქანებით მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივად გასვლა, მათი საევაკუაციო მარშრუტებით ისარგებლეს რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედროებმაც და სამოქალაქო პირები ცოცხალ ფარად გამოიყენეს.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) ადასტურებს, რომ კახოვკის კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მყოფმა რუსმა სამხედროებმა არაერთი პოზიცია დაკარგეს. ამერიკელი ანალიტიკოსების მონაცემებით, დანგრეულია პირველ ხაზზე მოწყობილი საველე სიმაგრეები, რომელთა გამოყენებასაც აპირებდნენ უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებისგან თავის დასაცავად.

  • 6 ივნისს, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რუსეთმა ააფეთქა "მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი" და ეს არის ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპაში ადამიანის ხელით გამოწვეული უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა.
  • კახოვკის კაშხალი მდებარეობდა ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
  • პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო რუსი სამხედროების მიერ ჰესის აფეთქება და მომხდარს უწოდა "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია".
  • ანალიტიკოსების ნაწილი ერთ-ერთ ვერსიად იმას განიხილავს, რომ კაშხალი შესაძლოა, თავად დაინგრა საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად.
  • კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.
  • უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით.
  • რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით.
  • როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკის ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG