Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შემთხვევაში შევლენ უკრაინაში ნატოს წევრთა სამხედროები?


ფოტო არქივიდან: ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინაში. 1 ივლისი, 2022 წელი.
ფოტო არქივიდან: ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინაში. 1 ივლისი, 2022 წელი.

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყნის სამხედროები შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ. ექსპერტების თქმით, ეს რეალისტურია და განცხადების ავტორი კარგად იცნობს ალიანსის წევრი ქვეყნების განწყობებს.

ანდერს ფოგ რასმუსენი ვარაუდობს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე პოლონეთისა და ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის [ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი] ჯარები შევლენ, თუკი ივლისში, ვილნიუსის სამიტზე, „ნატო ვერ შეძლებს შეათანხმოს მკაფიო გზა უკრაინის წინსვლისთვის“, რადგან „უკვე დიდი ხანია, რაც დასავლეთი ევროპა ყურს არ უგდებდა პოლონეთის გაფრთხილებებს რუსეთის რეალური მენტალიტეტის შესახებ“.

ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებები, რომელიც ბევრისთვის სენსაციურია, მისი საერთაშორისო ტურნეს ფონზე ვრცელდება. 7 ივნისს ის ლონდონში მართავდა შეხვედრებს. მთავარი თემა - უკრაინაა.

„არსებობს აშკარა შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ინდივიდუალურად იმოქმედოს. ჩვენ ვიცით, რომ პოლონეთი ძალიან აქტიურობს კონკრეტული დახმარების მხრივ და არ გამოვრიცხავ, რომ პოლონეთი მიიღებს კიდევ უფრო მეტ მონაწილეობას ამ კონტექსტში, ეროვნულ საფუძველზე და მას მიჰყვებიან ბალტიის ქვეყნები, შესაძლოა, ადგილზე ჯარების განთავსების ჩათვლით“, - ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ეს სიტყვები ბრიტანულ გამოცემა „გარდიანს“ მოჰყავს.

რასმუსენი ფიქრობს, რომ უკვე დადგა ალიანსში უკრაინის მიწვევის დრო და თანაც - წინასწარი პირობების გარეშე, როგორც ეს ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში მოხდა.

ნატოს ყოფილი გენმდივანი (2009-2014) ანდერს ფოგ რასმუსენი საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში ჩართული მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ერთად - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის თანათავმჯდომარეც არის.
ის პერიოდულად ახმოვანებს წინადადებებს, რომელთა ხორცშესხმა უფრო მოგვიანებით ხდება. ასე იყო მაგალითად 2022 წლის შემოდგომაზე, როცა ის უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის თანამედროვე საშუალებების მიწოდებას ითხოვდა.

არაფერს იგონებს

დისკუსია ფართოდ გაშალა უკრაინულმა მედიამ - შესაძლებელია თუ არა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროები მართლაც შევიდნენ უკრაინის ტერიტორიაზე?

„ეს შესაძლებელია“ - აცხადებს ექსპერტების დიდი ნაწილი და მათ შორის არის ატლანტიკური საბჭოს მეცნიერ-თანამშრომელი, მკვლევარი პიტერ დიკენსონი. უკრაინის რუსულენოვან ტელეარხ „ფრიდომთან“ (FREEДОМ) საუბრისას ის ხაზგასმით ამბობს, რომ „რასმუსენი არ არის ის ადამიანი, რომელიც უბრალოდ რაღაცებს იგონებს“ და, რომ მან ზუსტად იცის ბალტიის ქვეყნების განწყობები. დიკენსონი ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებების მიზანია - ალიანსის წევრების გაფრთხილება, რომ ძველი დაპირებები აღარ არის საკმარისი და უკრაინასთან დაკავშირებით რეალური პროგრესია საჭირო.

„თუკი ივლისის სამიტზე ნატო არ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, პოლონეთი, ბალტიისპირა ქვეყნები და კიდევ სხვა ქვეყნებიც შეიძლება გამოჩნდნენ, რომლებიც იმოქმედებენ ალიანსისგან დამოუკიდებლად, რადგან მათ ესმით - საფრთხის ხარისხი [თავიანთი ქვეყნებისთვის] და სურთ, რომ ალიანსის სხვა წევრებმაც გაიაზრონ, რომ საფრთხე ემუქრება მთელ ევროპას“, - ამბობს პიტერ დიკენსონი.

სამხედრო ანალიტიკოსი ალექსეი გეტმანი არ გამორიცხავს, რომ ნატოში უკრაინის წინსვლის გაჭიანურების შემთხვევაში, კიევის თხოვნის საფუძველზე, უკრაინის ტერიტორიაზე შევიდნენ არა მხოლოდ პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები, არამედ - დიდი ბრიტანეთიც. ასეთ ალბათობას ექსპერტი განიხილავს პრევენციულ ნაბიჯად რუსეთის აგრესიის გაფართოების წინააღმდეგ.

ნატოს სამშვიდობო კონტინგენტის უკრაინაში შესვლის ინიციატივით პოლონეთი ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში გამოვიდა; თუმცა მაშინ ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და საჯაროდ აღარაფერი თქმულა, ნატოს ლიდერების მარტში ჩატარებული საგანგებო სამიტის შემდეგ.

პოლონეთმა ეს ინიციატივა წამოაყენა 2022 წლის 15 მარტს, როცა, სიცოცხლის რისკის ფასად, უკრაინის პრეზიდენტთან, კიევში ჩავიდნენ პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის უმაღლესი პირები. მათ შორის იყო პოლონეთის მაშინდელი ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი, რომელმაც პირველმა გაახმოვანა ნატოსთან დაკავშირებული ეს ინიციატივა. ივნისში კაჩინსკიმ ვიცე-პრემიერის პოსტი დატოვა.

უკრაინის ხელისუფლება არ მოელის

კიევს არ სჯერა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები უკრაინის ტერიტორიაზე შევლენ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ამას არ გააკეთებენ, რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომში ჩართვის რისკის გამო.

„ჩვენ ამას არც ვითხოვთ. ჩვენ მათ [მოკავშირეებს] ვეუბნებით - მოგვეცით იარაღი და თავად ვიომებთ“, - აცხადებს კულება.

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანება ხელსაყრელია ალიანსისთვისაც, რადგან უკრაინული შენაერთების სხვა ქვეყნებში განთავსება, მათ დასაცავად, მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც უკრაინა ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

როგორია გეგმა ვილნიუსის სამიტისთვის?

BBC-სთან ინტერვიუში, რომლის ფრაგმენტები ტვიტერით გაავრცელა, ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ მოვიდა დრო - ივლისში, ნატოს ვილნიუსის სამიტზე უკრაინამ მიიღოს ნატოში გაწევრიანების მიწვევა. მაგრამ თუკი ეს ვერ მოხერხდება, მაშინ ყველასათვის ნათელი უნდა გახდეს გაწევრიანების გზა და ქვეყანას უნდა მიეცეს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები - ნატოში გაწევრიანებამდე და არა ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ.

სახელდება მოთხოვნილი გარანტიების 4 ძირითადი ელემენტი:

1. უკრაინის დახმარება შექმნას ძლიერი არმია, „ისეთი ძლიერი, რომლითაც შეძლებს წინ აღუდგეს რუსეთის ყველა სამომავლო შეტევას“;

2. სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის მექანიზმის გაძლიერება უკრაინასა და მის მოკავშირეებს შორის;

3. ევროკავშირისა და ნატოს დროშით გაიმართოს ერთობლივი წვრთნები ასევე უკრაინის ტერიტორიაზე;

4. ხელშეწყობა ძლიერი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში, „რათა უკრაინამ თავად შეძლოს სამხედრო აღჭურვილობისა და ამუნიციის წარმოება“.

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე ანდერს ფოგ რასმუსენი ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ლაპარაკობდა - როცა ის კიევს სტუმრობდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ამ დროს წარადგინეს მან და ანდრეი ერმაკმა კონკრეტული გეგმა - რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით შემუშავდა.

მაშინ მკაფიოდ ითქვა, რომ ეს იყო - ალიანსში უკრაინის გაწევრიანებამდე მისაღები ზომები, რათა რუსეთმა ვეღარასდროს გაბედოს უკრაინაზე თავდასხმა ომის დასრულების შემდეგ. სავარაუდო გარანტორ ქვეყნებად დასახელებული იყო: აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, პოლონეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრალია, თურქეთი, ასევე ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.

7 ივნისს, ანდერს ფოგ რასმუსენმა ლონდონში შეხვედრები გამართა დიდი ბრიტანეთის როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ტვიტერის საკუთარ გვერდზე ის წერს, რომ „დეპუტატების პარტიათშორისო ჯგუფთან ერთად განიხილა - თუ რა უნდა გაკეთდეს, „რათა უკრაინამ მოიგოს ომი და უზრუნველყოს მდგრადი მშვიდობა“.

ტვიტერზე ვრცელდება ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრთან, ბენ ვოლესთან ერთად გადაღებული ფოტოც წარწერით - „განვიხილეთ რა უნდა გაკეთდეს ნატოს ვილნიუსის სამიტზე [უკრაინისთვის]“.

უკრაინისთვის უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების მინიჭების აუცილებლობაზე ლაპარაკობს ნატოს წევრი არაერთი სახელმწიფოს ლიდერი; თუმცა ჯერჯერობით არაფერი ზუსტდება. კიევი გარანტიებს წერილობით ითხოვს.

ნატოს სამიტს ვილნიუსი 11-12 ივლისს უმასპინძლებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG