Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებულ ყირიმში აფეთქება მოხდა რკინიგზაზე


რკინიგზა ყირიმში (საილუსტრაციო ფოტო)
რკინიგზა ყირიმში (საილუსტრაციო ფოტო)

ანექსირებულ ყირიმში სარკინიგზო ლიანდაგზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ რუსული მედია და ტელეგრამის არხები იუწყებიან.

გამოცემა Baza-ს ცნობით, აფეთქება მოხდა კვირას შუადღისას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სატვირთო მატარებლის მემანქანემ ასაფეთქებელი მოწყობილობა შეამჩნია და საავარიო მუხრუჭი გამოიყენა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაზიანდა ლიანდაგები და სატვირთო ლოკომოტივი. „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“ წერს, რომ რამდენიმე ადამიანს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, ჰოსპიტალიზაცია არავის დასჭირვებია. სხვა წყაროების ცნობით, დაშავებულია რკინიგზის ორი მუშა.

აფეთქება მოხდა ყირიმის კიროვის რაიონში, რომელიც ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია, რემონტს შესაძლოა რამდენიმე საათი დასჭირდეს, წერს რუსეთის მიერ დანიშნული ყირიმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვი ტელეგრამის არხზე. თუმცა, მას არ უთქვამს, რამ გამოიწვია დაზიანება.

18 მაისს სიმფეროპოლის რაიონში რამდენიმე ვაგონი გადავიდა რელსებიდან. „ყირიმის რკინიგზამ“ განაცხადა, რომ ავარიის მიზეზი იყო „უცხო პირების ჩარევა სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობაში“. ლაპარაკი იყო რკინიგზის აფეთქებაზე. მსხვერპლი არ ყოფილა.

შაბათს ღამით რუსეთის ბელგოროდის რაიონში რელსებიდან გადავიდა 15 სატვირთო სარკინიგზო ვაგონი. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. მისი თქმით, შემთხვევა ალექსეევკის რაიონში მოხდა. ყველა ვაგონი ცარიელი იყო. მსხვერპლი არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG