Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

86 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი


სილვიო ბერლუსკონი. რომი, 9 აპრილი, 2022.
სილვიო ბერლუსკონი. რომი, 9 აპრილი, 2022.

86 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. უკანასკნელ ხანებში ის ლეიკემიით იყო დაავადებული.

მედიამაგნატი იტალიის სამ მთავრობას ედგა სათავეში 1994-2011 წლებში. მისი პარტია Forza Italia უმცროსი პარტნიორია იტალიის ამჟამინდელ მმართველ კოალიციაში.

ბერლუსკონი იყო იტალიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკოსი, რომელიც 2017 წელს დაბრუნდა პოლიტიკაში სექსუალური ხასიათის მრავალრიცხოვანი სკანდალებისა და კორუფციაში ბრალდებების მიუხედავად.

ბერლუსკონი მილანში დაიბადა 1936 წელს. ბიზნესში კარიერა დაიწყო დეველოპერად, შექმნა იტალიის უდიდესი კომერციული მაუწყებელი Mediaset-ი. ის 1986-2017 წლებში ასევე ფლობდა საფეხბურთო კლუბ AC Milan-ს.

მისი პოლიტიკური პარტია Forza Italia 1993 წელს დაარსდა. ერთი წლის შემდეგ კი ბერლუსკონი გახდა იტალიის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც აირჩიეს ისე, რომ მანამდე არ ეკავა სამთავრობო თანამდებობა. ამ პოსტზე მისი მეორე ვადა (2001-2006) იტალიის პრემიერ-მინისტრებს შორის ყველაზე ხანგრძლივია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. 2008 წელს ის დაბრუნდა ხელისუფლებაში, მაგრამ იძულებული გახდა, 2011 წელს გადამდგარიყო მწვავე ეკონომიკური კრიზისის ფონზე.

2012 წელს ბერლუსკონი გაასამართლეს საგადასახადო თაღლითობისთვის და მას ერთი წლით საზოგადოებრივი შრომა მიესაჯა. 2018 წელს მას კვლავ დართეს ნება, მონაწილეობა მიეღო საყოველთაო არჩევნებში. მაგრამ მისი Forza Italia მთავრობაში ვერ მოხვდა.

2019 წელს ბერლუსკონიმ ადგილი მოიპოვა ევროპარლამენტში. 2022 წლის ოქტომბერში ჩატარებული საყოველთაო არჩევნების შედეგად მისი პარტია დაბრუნდა სამთავრობო კოალიციაში, რომელსაც სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის „იტალიის ძმები“. ბერლუსკონი სენატორადაც იყო არჩეული.

ბერლუსკონის მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. ყირიმის ანექსიის და რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაცივების შემდეგ ბერლუსკონი არაერთხელ გამოვიდა პუტინისა და რუსეთის მხარდაჭერით. მან საჯაროდ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მაგრამ, როგორც შემოდგომაზე გამოქვეყნებული მისი პირადი საუბრის ჩანაწერიდან გახდა ცნობილი, პასუხისმგებლობის ნაწილს ნატოს ქვეყნებსა და კიევს აკისრებდა.

XS
SM
MD
LG