Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთ კვირაში 7 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის თავდაცვის ძალების არტილერისტი ბახმუტის მახლობლად
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის თავდაცვის ძალების არტილერისტი ბახმუტის მახლობლად

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, 12 ივნისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 31 საავიაციო და 2 სარაკეტო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 47-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

გენშტაბის ინფორმაციით, სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად ხარკოვის, სუმის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქებში დაინგრა ან დაზიანდა სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში.

უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაციის მცდელობაზე. სარდლობის თანახმად, ფრონტის ამ მონაკვეთებზე, სადაც მძიმე ბრძოლა გრძელდება, გასულ 24 საათში 26 შეტაკება იყო. გენშტაბის ინფორმაციით, მხოლოდ ქალაქ მარინკის რაიონში მოგერიებულია 14 შეტევა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის მიერ 12 ივნისს, ღამით, ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ერთ კვირაში უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში გაათავისუფლეს 7 დასახლებული პუნქტი. მალიარის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, საერთო ჯამში, წინ წაიწიეს 6,5 კილომეტრით და კონტროლი დაამყარეს 90 კმ²-ზე.

რაც შეეხება კონკრეტულად ბახმუტის მიმართულებას, თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, გასულ ერთ კვირაში, კონტროლი დაიბრუნეს 16 კმ² ფართობზე. მალიარის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მარცხენა ფლანგზე წინ წაიწიეს 1,5 და მარჯვენაზე - 3,5 კილომეტრით.

გასულ ღამით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას სამხედროებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბახმუტის მიმართულებით კონტროლის გაფართოებისთვის.

ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ "ვაგნერმა" ბახმუტზე სრული კონტროლი დაამყარა, ქალაქს 1 ივნისამდე დატოვებენ და პოზიციებს გადასცემენ რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფებს.

XS
SM
MD
LG