Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად


სარაკეტო დარტყმით განადგურებული სახლი კრივოი-როგში. 2023 წლის 13 ივნისი
სარაკეტო დარტყმით განადგურებული სახლი კრივოი-როგში. 2023 წლის 13 ივნისი

რუსეთის სარაკეტო შეტევას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული რაკეტა მოხვდა 5-სართულიან სახლს. დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი და 25 დაიჭრა. მსხვერპლი შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან ნგრევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე საწარმოც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა კრივოი-როგში სარაკეტო დარტყმით განადგურებული სახლის ვიდეო. ზელენსკიმ დაღუპულთა ახლობლებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ „ტერორისტებს არასდროს აპატიებენ“ და თითოეულ რაკეტაზე პასუხს მოსთხოვენ.

უკრაინაში სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა რუსეთის წუხანდელი თავდასხმის გამო გამოცხადებული საჰაერო განგაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 14 ფრთოსანი რაკეტა და 4 უპილოტო საფრენი აპარატი. გენშტაბის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 10 რაკეტა და 1 დრონი.

სარაკეტო შეტევა იყო კიევზეც. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა რაკეტა მოიგერიეს. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში ქალაქ ხარკოვზე. ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი.

XS
SM
MD
LG