Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან პ. კემპი ეწვევა


ბრაიან პ. კემპი, აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი
ბრაიან პ. კემპი, აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი

საქართველოს აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, რესპუბლიკელი ბრაიან პ. კემპი ეწვევა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, გუბერნატორი მეუღლესთან ერთად საქართველოსა და საფრანგეთში ჩავა.

აშშ-ის საელჩოს თანახმად, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი ამერიკელი გუბერნატორი სტუმრობს საქართველოს, „რათა ხაზი გაუსვას ამერიკის ერთგულებას მის მიმართ, განსაკუთრებით მეზობელი რუსეთის ტერიტორიული აგრესიის ფონზე“.

საელჩოს ცნობით, ვიზიტის მიზანია, განამტკიცოს სტრატეგიული პარტნიორობა ევროპულ ინდუსტრიებთან ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობის გზით.

„მოუთმენლად ველი საქართველოში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მამაც წევრებთან და საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რათა განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება სამხედრო პარტნიორობის კუთხით. ეს პარტნიორობა 28 წელზე მეტია გრძელდება, რადგან ჩვენ მთელ მსოფლიოში თავისუფლების მოყვარე ხალხის მეგობრად და მოკავშირედ ვრჩებით. ასევე, ამ დატვირთული ვიზიტისას მსურს შევხვდე სამუშაო ადგილების შემქმნელებსა და მთავარი ინდუსტრიის ლიდერებს, რათა ხელი შევუწყო ბიზნესს ჩვენს ნომერ პირველი შტატში. შეხვედრებისას ჩვენ შევძლებთ გავუზიაროთ მათ, თუ რატომ არის ჯორჯიის შტატი საუკეთესო ინვესტირებისა და შესაძლებლობებისთვის", - განაცხადა გუბერნატორმა ბრაიან კემპმა.

საქართველოში ჯორჯიის შტატის გუბერნატორი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარისთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში ყოფნისას დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ჯორჯიის ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-მაიორი ტომ კარდენი, ასევე ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის (GDEcD) წარმომადგენლები.

გუბერნატორი კემპი და დელეგაცია გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან; მოინახულებენ ჰუმანიტარულ თავშესაფარს, რომელიც აშენდა ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობით; შეხვდებიან მარიეტას სახანძრო დეპარტამენტის წევრებს, რომლებიც ამჟამად სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების წვრთნებს საქართველოში ატარებენ და გამართავენ სხვა შეხვედრებს, რათა გააძლიერონ ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის.

XS
SM
MD
LG