Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი სამხედროები ამოწმებენ ინფორმაციას რუსი გენერლის დაღუპვის შესახებ


გენერალი სერგეი გორიაჩევი (სურათზე ის პოლკოვნიკის ფორმაშია)
გენერალი სერგეი გორიაჩევი (სურათზე ის პოლკოვნიკის ფორმაშია)

უკრაინელი სამხედროები ამოწმებენ ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის 35-ე საერთო-საჯარისო არმიის შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ სერგეი გორიაჩევის შესაძლო დაღუპვის შესახებ. ამის თაობაზე განაცხადა ტავრიდის მიმართულების თავდაცვის ძალების გაერთიანებული პრესცენტრის წარმომადგენელმა ვალერი შერშენმა.

გენერალ გორიაჩევის დაღუპვის შესახებ ორშაბათს დაწერა ომის მხარდამჭერმა რუსმა სამხედრო ბლოგერმა იური კოტენოკმა.

„მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 35-ე საერთო-საჯარისო არმიის შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი“, - დაწერა კოტენოკმა და აღნიშნა, რომ ეს მოხდა 12 ივნისს ზაპოროჟიეს ოლქში ბრძოლების დროს, ე.წ. „ვრემევსკის შვერილზე“. იქ უკრაინული ძალები ბოლო დღეებში შეტევაზე გადავიდნენ და რამდენიმე დასახლება დაიკავეს.

„ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლობის წარმომადგენლების თქმით, არმიამ დღეს დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ეფექტიანი სამხედრო მეთაური“, - წერს კოტენოკი. მის შეტყობინებას იმოწმებდა ბევრი რუსული და უკრაინული მედიასაშუალება, მაგრამ სხვა წყაროები, რომლებიც დაადასტურებდნენ გენერლის დაღუპვას, ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ცნობაზე არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაუკეთებია კომენტარი.

ადრე რუსეთის ხელისუფლებამ პირდაპირ თუ ირიბად დაადასტურა უკრაინის ომში ოთხი გენერლის დაღუპვა. უკრაინული მხარის თანახმად, დაღუპულთა რაოდენობა უფრო მეტია.

გორიაჩევი იყო ტაჯიკეთში რუსეთის 201-ე ბაზის მეთაური, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისში იყო მე-5 ცალკე სატანკო ბრიგადის მეთაური, ომის განმავლობაში კი არმიის შტაბის უფროსის პოსტს მიაღწია. მას ცოტა ხნის წინ მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

სამშაბათს გრძელდება ბრძოლა ვრემევსკის შვერილზე, უკრაინის ჯარების ახალი წინსვლის ან მათი უკანდახევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

XS
SM
MD
LG