Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 წლის ბათუმელი გოგოს მიმართ სექსუალურ დანაშაულში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა


ბრალდებული ლაშა ნინიძე
ბრალდებული ლაშა ნინიძე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 23 წლის ლაშა ნინიძეს - ახალგაზრდა კაცს, რომელსაც გამოძიება ედავება 15 წლის გოგოზე სისტემატურ სექსუალურ დანაშაულს. გამოძიების ვერსიით, გოგო მე-15 სართულიდან გადმოხტა - დაკავებულს კიდევ ერთი ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აქვს წაყენებული.

მოსამართლე თამაზ ბეჟაშვილმა სხდომა დახურა, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულს - სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 15 ივნისს, გაიმართა.

საქმის პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე არ გამორიცხავს, რომ დაკავებულს ბრალი დაუმძიმდეს.

"სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება გრძელდება. იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება დამატებითი გარემოებები და ფაქტები, არ გამოვრიცხავთ ბრალის დამძიმებას. მომხდარია უმძიმესი დანაშაული, რასაც არასრულწლოვნის სიკვდილი მოჰყვა", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

მანვე აღნიშნა, რომ ბრალდებული და მსხვერპლი "გარკვეული დროის განმავლობაში ერთსა და იმავე მისამართზე ცხოვრობდნენ". პროკურორმა ასევე თქვა, რომ იმ დროს, როცა 15 წლის გოგო გადავარდა, მისი დედა და ბებია სახლში იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებით დაადგინა, რომ 15 წლის გოგო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა, სისტემატურად იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ლაშა ნინიძე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი - თვითმკვლელობამდე მიყვანისა (115-ე) და 16 წლამდე ასაკის ადამიანთან სქესობრივი კავშირის დამყარების (140-ე) მუხლით. მას შვიდიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თვითმხილველები ჰყვებოდნენ, რომ შემთხვევა 11 ივნისის ღამეს, 23:00 საათზე მოხდა - ლორიასა და პუშკინის ქუჩების კვეთაში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან მათ ადამიანის გადმოვარდნა დაინახეს.

15 წლის მოზარდი ბათუმის ჰოსპიტალ "ბაუში" გარდაიცვალა. კლინიკაში, სადაც გოგო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მას მრავლობითი დაზიანება და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

XS
SM
MD
LG