Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთმა გლოვა გამოაცხადა იონიის ზღვაში მიგრანტების დაღუპვის გამო


ბერძენი მაშველების მიერ გადარჩენილი მიგრანტები ქალაქ კალამატაში გადაიყვანეს
ბერძენი მაშველების მიერ გადარჩენილი მიგრანტები ქალაქ კალამატაში გადაიყვანეს

საბერძნეთში მასშტაბური სამძებრო ოპერაცია გრძელდება იონიის ზღვაში, მიგრანტების გემის ჩაძირვის რაიონში. მცირე ზომის თევზსაჭერი გემი, რომელზეც სხვადასხვა მონაცემით, 400-დან 750-მდე ადამიანი იმყოფებოდა, 14 ივნისს, დილით ჩაიძირა კუნძულ პილოსის მახლობლად.

დღეს, 15 ივნისის დილისთვის, დადასტურებულია 79 ადამიანის სიკვდილი. მაშველებმა გადაარჩინეს 104 მიგრანტი, რომლებიც ქალაქ კალამატაში გადაიყვანეს.

გემი, რომელზეც ასეულობით მიგრანტი იმყოფებოდა, ლიბიიდან იტალიისკენ მიემართებოდა. საბერძნეთის სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, სასაზღვრო სამსახურის თვითმფრინავიდან ხალხით სავსე გემი საერთაშორისო წყლებში პირველად 13 ივნისს, საღამოს, შენიშნეს. ბერძნული მედიასაშუალებები წერენ, რომ სანაპირო დაცვის სამსახური გემს რამდენჯერმე დაუკავშირდა იმის გასარკვევად, სჭირდებოდა თუ არა დახმარება, მაგრამ ყოველ ჯერზე პასუხი იყო, რომ ერთადერთი, რაც სურთ, იტალიისკენ გზის გაგრძელებაა. რამდენიმე საათის შემდეგ გემიდან მიიღეს შეტყობინება, რომ ძრავა დაზიანდა. შეტყობინებიდან მალევე გემი გადაბრუნდა და დაახლოებით 15 წუთში ჩაიძირა.

მაშველების მიერ გადარჩენილი მიგრანტები ქალაქ კალამატაში მოინახულა საბერძნეთის პრეზიდენტმა კატერინა საკელაროპულუმ. მან განაცხადა, რომ მთელი ქვეყანა შოკირებულია. საბერძნეთის მთავრობამ მომხდარს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტრაგედია უწოდა და 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

გაეროს მონაცემებით, ცენტრალურ ხმელთაშუაზღვისპირეთში 2014 წლიდან დაღუპული და დაკარგულია 20 000-ზე მეტი მიგრანტი.

XS
SM
MD
LG