Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დაიწყო ნავალნის ახალი პროცესი, მას კიდევ 30 წლით ემუქრება პატიმრობა


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის, კიდევ სამი ათწლეულით ემუქრება პატიმრობა - 19 ივნისს დაიწყო ახალი პროცესი, რომელზეც მას ექსტრემიზმის ბრალდებით ასამართლებენ.

ნავალნი გამოცხადდა სახელდახელოდ მოწყობილ სასამართლო დარბაზში, მოსკოვიდან 260-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე ვლადიმირის რეგიონის კოლონიაში და თქვა, რომ საკუთარ თავს თავად დაიცავს, თუმცა ადგილზე იყო მისი იურიდიული გუნდიც.

მოსკოვის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლები სხდომისთვის ჩავიდნენ ვლადიმირის კოლონიაში. ჟურნალისტები განათავსეს საგანგებო ოთახში, სადაც სხდომის მიმდინარეობას ეკრანიდან ადევნებენ თვალს. ნავალნის მშობლებს, ანატოლი და ლიუდმილა ნავალნებს, სხდომაზე დასწრების უფლება მისცეს.

სხდომის დაწყების შემდეგ ნავალნის გუნდმა და თანაგანსასჯელმა დანიელ ხოლოდნიმ - რომელიც ნავალნის იუტუბის არხის ტექნიკური დირექტორია - მოითხოვეს მოსამართლე ანდრეი სუვოროვის აცილება. ნავალნის გუნდის განცხადებით, სასამართლო პროცესი მოსკოვში უნდა გაიმართოს, რადგან ორივე განსასჯელი მოსკოვის მცხოვრებია და მათთვის წაყენებული ბრალდებებიც მოსკოვს უკავშირდება. მოსამართლე სუვოროვმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ნავალნის და ხოლოდნისთვის წაყენებული ბრალდებები მოიცავს "ექსტრემისტული" ჯგუფის შექმნას, "ექსტრემიზმისკენ" მოწოდებებით გამოსვლას, მოქალაქეთა უფლებების დამრღვევი არაკომერციული ორგანიზაციის შექმნას, "ექსტრემიზმის" დაფინანსებას, არასრულწლოვანის კრიმინალურ მოქმედებებში ჩართვას და ნაციზმის რეაბილიტაციას.

ნავალნი ბრალდებებს აბსურდს უწოდებს.

XS
SM
MD
LG