ამერიკელი და კანადელი სამხედროები და მაშველები განაგრძობენ ატლანტის ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა აპარატის, „ტიტანის" ძებნას. მასში 5 ადამიანი იმყოფება. წყალქვეშა აპარატში ჟანგბადის მარაგი ხუთშაბათს ამოიწურება.
აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურის ინფორმაციით, კანადურმა თვითმფრინავმა სამძებრო ოპერაციის რაიონში დააფიქსირა სიღრმიდან მომავალი ხმაური. ოკეანის გამოსაკვლევი სპეციალური აპარატურით(ROV) ხმაურის წარმომავლობის დადგენა უარყოფითი შედეგით დასრულდა, თუმცა, ოპერაცია გრძელდება.
კანადური თვითმფრინავის მიერ მოპოვებული მონაცემები ანალიზისთვის გადაეცა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ექსპერტებსაც.
კომპანია OceanGate-ის წყალქვეშა აპარატს ტურისტები ატლანტის ოკეანის სიღრმეში ჩაჰყავს აისბერგთან შეჯახების შედეგად 1912 წელს ჩაძირული ცნობილი გემის, „ტიტანიკის“ ფრაგმენტების დასათვალიერებლად. მორიგი ექსპედიცია გასული კვირის ბოლოს დაიწყო. აპარატთან კონტაქტი 18 ივნისს შეწყდა.
ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, „ტიტანში" იმყოფებიან ბრიტანელი მილიარდერი და მკვლევარი ჰამიშ ჰარდინგი, ჩაძირული „ტიტანიკის“ კვლევის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფრანგი მყვინთავი პოლ ანრი ნარჟოლე, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი სულეიმანი და აპარატის მფლობელი კომპანია OceanGate-ის დამფუძნებელი სტოკტონ რაში.
1912 წელს ჩაძირული „ტიტანიკის“ დასათვალიერებლად ექსპედიცია იწყება კანადის ნიუფაუნდლენდიდან და გრძელდება უშუალოდ კატასტროფის რაიონში, სადაც 5-ადგილიანი წყალქვეშა აპარატი ატლანტის ოკეანეში 3800 მეტრის სიღრმეზე ეშვება. ტურის ღირებულება თითო კაცზე 250 000 დოლარია.