Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ლორთქიფანიძე 2027 წლის 21 ივნისამდე რჩება ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პოსტზე


დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი
დავით ლორთქიფანიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი

დავით ლორთქიფანიძე ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პოსტზე 2027 წლის 21 ივნისამდე დარჩება - შესაბამისი ცვლილება მუზეუმის დებულებაში ორი დღის წინ, 20 ივნისს, შევიდა. გადაწყვეტილებას ხელს აწერს კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე.

მუზეუმის ხელმძღვანელის პოსტზე ვადის გაგრძელების შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს თავად დავით ლორთქიფანიძეც.

დავით ლორთქიფანიძე ეროვნულ მუზეუმს ხელმძღვანელობს მისი შექმნიდან (2004 წელი) ამ დრომდე. 2022 წელს ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული ცვლილებების შედეგად დასუსტდა გენერალური დირექტორის უფლებამოსილება და მართვა ხელში აიღო დირექტორატმა, რომელიც კულტურის მინისტრის ნდობით აღჭურვილი კადრებით დაკომპლექტდა. დირექტორატის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა ახალბედაშვილმა, დავით ლორთქიფანიძე მედიისთვის გამართულ შეხვედრაზე საჯაროდ დაადანაშაულა ფონდებიდან ნივთების გაქრობაში - დავით ლორთქიფანიძის მტკიცებით, 2005 წლიდან არცერთი ნივთი არ დაკარგულა მუზეუმიდან.

ამავე წელს მუზეუმში რეორგანიზაციას ათობით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა, საფრთხის ქვეშ დადგა 13 საერთაშორისო კვლევითი პროექტის განხორციელება.

2022 წლის ივნისში რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში დავით ლორთქიფანიძე ამბობდა, რომ ის პროცესები, რომლებიც მუზეუმში მიმდინარეობს, მხოლოდ ქვეყნის მტრებს შეიძლება აწყობდეთ. ამავე ინტერვიუში ის ამტკიცებდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა ადამიანების და საგანძურის დასაცავად.

2023 წლის გაზაფხულზე დავით ლორთქიფანიძე გელათის რეაბილიტაციის პროექტში ჩაერთო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG