Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაბეიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთთან საზღვარი "უპირობოდ" ჩაკეტოს


ლევან ხაბეიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე
ლევან ხაბეიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რუსეთთან საზღვარი "უპირობოდ" ჩაკეტოს და სურვილის შემთხვევაში, ქვეყანაში უსაფრთხოდ დააბრუნოს რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

"არანაირი უშიშროების საბჭო საქართველოში არ არსებობს, არსებობს პუტინის და ივანიშვილის უსაფრთხოების საბჭო და, შესაბამისად, მათი რაიმე სახით შეკრება ნიშნავს არა ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების ბედზე ზრუნვას, არამედ პუტინის საამებლად შეკრებას. რაღა მარგარიტა სიმონიანი და სალავიოვი შეკრებილან და რაღა დღევანდელი უშიშროების საბჭო, ამიტომ რამდენიმე უსწრაფესი ნაბიჯია გადასადგმელი:

სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი;

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - საქართველოს მოქალაქეებს დახმარება სჭირდებათ და უმნიშვნელოვანესია მოხდეს ამ ადამიანებისთვის სრული მომსახურების გაწევა, რაც გულისხმობს მათ უსაფრთხოდ ქვეყანაში დაბრუნებას მათი სურვილის შემთხვევაში, ცხადია...

ასევე, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება, რომელიც იქნება მთავარი გარანტი უკრაინულ მხარესთან და მთავარი ლობისტი იმის, რომ როგორც კი უკრაინა მოიგებს ომს, მშვიდობიანად მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ "დარიალზე" მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე, საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის", - წერია შსს-ს განცხადებაში.

მანამდე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს "ტვიტერზე" გამოეხმაურა და დაწერა, რომ საჭიროა საქართველოს საზღვრები "ზედმიწევნით" გაკონტროლდეს.

"ვაკვირდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი საზღვრები ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს, მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით".

ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ახლა, "ერთადერთი" გზაა, "ამ მოვლენებს დავაკვირდეთ". მან, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მოწოდებას "სისულელე" უწოდა და თქვა, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება დაცულია.

23 ივნისს, პარასკევს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, რუსი ბიზნესმენის თქმით, „ვაგნერის“ რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს“.

ამავე დროს, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ „ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში“.

პუტინმა „ვაგნერი“ ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებებს „ზურგში დარტყმა“ უწოდა.

XS
SM
MD
LG