Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენგურის ხიდი ცალმხრივად ჩაიკეტა


ენგურის ხიდი
ენგურის ხიდი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 25 ივნისს, დილიდან, ცალმხრივად ჩაკეტა დანარჩენ საქართველოსთან მოქმედი ე.წ. გამშვები პუნქტი „ენგურის ხიდი“.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „მესაზღვრეები“ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არ უშვებენ, ხოლო მათ, ვინც ამჟამად ამ ტერიტორიაზეა, შეუძლიათ სამეგრელოს რეგიონიდან აფხაზეთში დაბრუნდნენ.

როგორც რადიო თავისუფლებას ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებმა რესპონდენტმა უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტი ჰქონდა, საოკუპაციო ხაზის კვეთის უფლება არ მისცეს:

„მიზეზი ჩვენთვის არავის აუხსნია. ჩაკეტილია და მორჩა. არც ის ვიცით, როდემდეა ჩაკეტილი. უშვებენ მარტო იმათ, ვინც აქეთ, აფხაზეთში მოდის“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ოკუპირებულ გალის რაიონში მცხოვრებმა ქალმა, რომელსაც ვინაობის დასახელება უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს.

24 ივნისს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთში "ვაგნერის" მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ „საზღვრებზე“ კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილობრივი გამოცემა Apsnypress-ის ცნობით, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა მდინარე ენგურისა და ფსოუს გასწვრივ სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლის გაძლიერება და ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაცვა“.

23 ივნისის საღამოს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ, ფაქტობრივად, სამხედრო გადატრიალებას გეგმავდა რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“.

24 ივნისის ღამეს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მებრძოლების რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს.

ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პრესსამსახურის ცნობა გამოქვეყნდა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკამ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკას პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკას წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ". რუსეთის ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG