ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
თეთრი სახლის მიერ 25 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის კონტრშეტევა. ბაიდენმა ზელენსკის დაუდასტურა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.
თეთრი სახლის თანახმად, პრეზიდენტებმა განიხილეს რუსეთში განვითარებული ბოლო მოვლენებიც.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჯო ბაიდენმა განიხილეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება. აქცენტი გაკეთდა შორ მანძილზე მოქმედების იარაღზე.
პრეზიდენტებმა იმსჯელეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მსვლელობასა და რუსეთში მიმდინარე პროცესებზეც. ზელენსკის განცხადებით, განვითარებულმა მოვლენებმა გამოააშკარავა პუტინის რეჟიმის სისუსტე და მსოფლიომ რუსეთზე ზეწოლა უნდა განაგრძოს საერთაშორისო წესრიგის აღდგენამდე.
- 23 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
- 24 ივნისს, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.
- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
- რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
- 24 ივნისს ღამით, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, უკან ბრუნდებიან „საველე ბანაკებში“.
- პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
- 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში წავა.
- პრიგოჟინის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.