Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსკოვის გუბერნატორმა დაასახელა „პრიგოჟინის ამბოხების" დღეს დაღუპული 2 მფრინავის ვინაობა


საილუსტრაციო ფოტო. რუსული ვერტმფრენი კა-52
საილუსტრაციო ფოტო. რუსული ვერტმფრენი კა-52

რუსეთის ფსკოვის ოლქის გუბერნატორმა დაასახელა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ რუსეთის არმიის ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად დაღუპული 2 სამხედროს ვინაობა.

როგორც რუსული სააგენტო „ტასი“ წერს, გუბერნატორი მიხაილ ვედერნიკოვი ტელეგრამით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ დაღუპულ „გმირ მფრინავებს“ შორის არიან ფსკოვის გარნიზონის სამხედროები, ვერტმფრენ კა-52-ის ეკიპაჟის წევრები ალექსეი ვოროჟცოვი და დენის ოლეინიკოვი.

ცნობილია „პრიგოჟინის ამბოხების“ დროს დაღუპული კიდევ ერთი რუსი მფრინავის ვინაობა. 24 წლის კირილ ბაბაევის მამამ, ანდრეი ბაბაევმა გამოცემა „ასტრას“ განუცხადა, რომ შვილის ცხედრის ამოსაცნობად არ ყოფილა, რადგან უთხრეს, რომ ამოსაცნობი არაფერია. რაც შეეხება „ვაგნერელების“ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის დახურვას, ბაბაევი ამბობს, რომ „თუ საქმის დახურვის სიტყვა პრეზიდენტმა მისცა, ეს სამართლიანია“.

არსებული ინფორმაციით, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, 24 ივნისს, ამბოხების დღეს, რუსეთის არმიამ დაკარგა 13 მფრინავი, 6 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი.

  • ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერელების“ დაახლოებით 24-საათიანი ამბოხება 23 ივნისს, საღამოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.
  • 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.
  • 24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში ბრუნდებიან.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.
  • 27 ივნისს ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება და განაცხადა, რომ ეთანხმება თავდაცვის მინისტრის პოზიციას იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ მსგავსი ქვედანაყოფი ბელარუსის არმიას წაადგება.
XS
SM
MD
LG