Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროპელი სოციალისტების პარტიამ" „ქართულ ოცნებასთან" ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტა


პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

პარტია „ქართული ოცნება“ აღარ არის „ევროპელი სოციალისტების პარტიის" (PES) დამკვირვებელი წევრი. ეს გადაწყვეტილება PES-ის მმართველმა ორგანომ 29 ივნისს ერთსულოვნად მიიღო. მათ მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების" საქმიანობა და პოზიციონირება „ევროპელი სოციალისტების პარტიის" ღირებულებების მიღმაა.

„როგორც წინა განცხადებაში იყო ნათქვამი, PES-ის ხელმძღვანელობამ განიხილა საქართველოში განვითარებული მოვლენები, მმართველი ორგანოს წევრებმა გაიმეორეს ის შეშფოთება, რომელიც წინა შეხვედრებზე გამოხატეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პოზიციებთან და პარტიის ხელმძღვანელობის ბოლო საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით.

გამომდინარე აქედან, PES-ის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ „ქართული ოცნების" საქმიანობა და პოზიციონირება „ევროპელი სოციალისტების პარტიის" ღირებულებების მიღმაა. ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, PES-ის ლიდერებმა შესთავაზეს მმართველ ორგანოს, რომ „ევროპელი სოციალისტების პარტიამ" შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან" და ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს დაუყოვნებლივ. PES-ის მმართველი ორგანოს წევრებმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად დაამტკიცეს", - ვკითხულობთ „ევროპელი სოციალისტების პარტიის" ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ქართულმა ოცნებამ" 11 მაისს განაცხადა, რომ „ევროპელი სოციალისტების პარტიის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ამას წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბუდაპეშტში, რის გამოც მმართველმა პარტიამ კრიტიკა დაიმსახურა.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 4 მაისს გამოვიდა სიტყვით ამერიკელი ულტრაკონსერვატორების კონფერენციაზე, რომელსაც ბუდაპეშტი მასპინძლობდა. თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ მტრული ძალები საქართველოში „ოჯახური ღირებულებების განადგურებას ცდილობენ“ და რომ ის დაიცავს კონსერვატიულ უმრავლესობას „უმცირესობის ძალადობისგან“.

"ევროპელი სოციალისტების პარტიამ", რომლის დამკვირვებელი წევრიც იყო საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში.

XS
SM
MD
LG