Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიშა მშვილდაძე გამოძიებას: "ამოიღეთ ყველა კამერის ჩანაწერი"


მიშა მშვილდაძე
მიშა მშვილდაძე

ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, ამოიღონ ყველა კამერის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც შესაძლოა, აღბეჭდილი იყოს 27 ივნისს მასზე თავდასხმის კადრები.

არცერთი კამერის ჩანაწერი არ უნდა დაიკარგოს“, - აცხადებს მიშა მშვილდაძე, რომლის სიტყვებით, ეს ჩანაწერები საგამოძიებო ორგანოებს აქამდეც უნდა მოეძიებინათ, რაც, მისი ინფორმაციით, პოლიციას ჯერ არ გაუკეთებია.

„მოვუწოდებ გამოძიებას, რომ აღარ დაელოდონ ჩვენგან დაზარალებულის წერილის ოფიციალურად მიწოდებას და თუკი სადმე, გარშემო რამე კამერებია, ამოიღონ ჩანაწერები. ეს აქამდეც, ჩვენი მიმართვის გარეშე, უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, არსად მისულან. იმედი მაქვს, რომ „კარფურის“ კამერებიდან კადრები ამოღებულია. მეგობრებო, არაფერია კანონსაწინააღმდეგო იმაში, რომ მიაწოდოთ კამერის ჩანაწერები ვინმეს... ყველაფერი ერთად და შეთანხმებულად გავაკეთოთ, რათა ამ საქმის ჩაფარცხვის, სიმართლის დამალვისა და დამნაშავეების დაუსჯელად დატოვების შესაძლებლობა არ მივცეთ არავის“, - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

მშვილდაძე ასევე მოუწოდებს ყველა ობიექტსა და კერძო პირს, თუ ხელში ჩაუვარდებათ მასზე თავდასხმის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, მიმართონ მედიას და გაუგზავნონ პოლიციას. მშვილდაძე ეჭვობს, რომ დანაშაულის დაგეგმვასა და ორგანიზებაში, შესაძლოა, სახელმწიფო სტრუქტურებიც იყვნენ ჩართული.

თავდასხმის დეტალები მან გადაცემა „პოლიტმეტრში“ დეტალურად გაიხსენა და თქვა, რომ, მისი აზრით, ეს იყო „დადგმული, ორგანიზებული აქცია, რომელშიც მონაწილეობდა ბევრი ადამიანი, სხვადასხვა როლით".

მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი 27 ივნისს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

თავდასხმის მეორე დღეს. 28 ივნისს, სოციალურ ქსელ ფეისბუკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, ნიკოლოზ გუგეშაშვილმა, დაწერა, რომ მიშა მშვილდაძეს თავს სწორედ ის დაესხა, მომხდარი კი ასე ახსნა: მშვილდაძე "ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულის" წამყვან მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს.

შსს-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მოქალაქე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლის საფუძველზე. გავრცელებული ცნობით, დაკავებული სწორედ ნიკოლოზ გუგეშაშვილია, „აღიარებითი ფეისბუკპოსტის“ ავტორი, რომლის ფეისბუკზე საჯაროდ მხოლოდ ეს ერთი სტატუსი იძებნება. გვერდისა და პიროვნების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

XS
SM
MD
LG