Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დაღუპული ორი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს


1 ივლისს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი სამხედრო - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი.

ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკთან დაღუპული მალხაზ კვიჟინაძე გამოცდილი სამხედრო იყო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე, ის მონაწილეობდა ე.წ. АТО-ში - უკრაინის ხელისუფლების ანტიტერორისტულ ოპერაციაში (2016 წლიდან).

ომის პირველივე დღეებიდან, კვიჟინაძე იბრძოდა უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 118-ე ცალკეული მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობაში. 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე, მალხაზ კვიჟინაძე წარმოშობით ქუთაისიდან არის - ოთხი შვილის მამა.

ასევე 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე იყო ჯონი ოდიშვილი. ის წარმოშობით სოფელ ტყვიავიდან არის. გავრცელებული ინფორმაციით, ის უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 28-ე მექანიზირებული ბრიგადის, სადაზვერვო ჯგუფის „შავი არწივის“ მებრძოლი იყო და ბახმუტთან დაიჭრა. ოდიშვილი ბრძოლის ველიდან ცოცხალი გამოიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ჭურვის ნამსხვრევები მებრძოლს თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა.

XS
SM
MD
LG