Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ლეგიონი“ უარყოფს ცნობას უკრაინაში თავისი ერთ-ერთი პუნქტის განადგურების შესახებ


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ემბლემა
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ემბლემა

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ უარყოფს რუსული არმიის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ცნობას ლეგიონის დისლოკაციის ერთ-ერთი ადგილის განადგურების შესახებ.

რუსეთის სამხრეთის საჯარისო დაჯგუფების პრესცენტრის ხელმძღვანელმა ვადიმ ასტაფიევმა სააგენტო „ტასს“ დღეს განუცხადა, რომ საარტილერიო ქვედანაყოფებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში გაანადგურეს „ქართული ლეგიონის“ დისლოკაციის პუნქტი.

„ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს დეზინფორმაციაა.

„ქართული ლეგიონი“ უკრაინაში იბრძვის ჯერ კიდევ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების ამბოხების შემდეგ. ლეგიონი დაახლოებით 1300 სამხედროს აერთიანებს და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ორ თვეში, 2022 წლის აპრილში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დაქირავებულობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ქართული ლეგიონის“ 24 წევრის მიმართ. მათ შორის საქმე აღძრულია ლეგიონის მეთაურ მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ. 2023 წლის მარტში, მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ 4 ქართველ მებრძოლს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG