7-9 ივლისს ზუგდიდში უკვე მეხუთედ გაიმართება თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5, რომელშიც ქართველი პოეტები, მწერლები, კინომცოდნეები და მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.
„ეს არის ფესტივალი, რომელიც შეიქმნა კულტურის დეცენტრალიზაციისთვის. 5 წლიანი დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ ფესტივალი აერთიანებს ყველა თაობას. F5 არის ზუგდიდელი ახალგაზრდების ფავორიტი ფესტივალი, რომელიც შარშანწინ საერთაშორისო ფესტივალი გახდა, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ზუგდიდს არაერთი უცხოელი ავტორი ეწვევა”, - უთხრა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პოეტმა ნიკა ლაშხიამ რადიო თავისუფლებას.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, თანამედროვე სახელოვნებო პროცესი და აქტივობა ხშირად თბილისსა და რამდენიმე ტურისტულ ცენტრს არ სცდება. ზუგდიდშიც, მათი თქმით, ადგილობრივი კულტურული პროცესი მეტად პასიურია.
წელს ფესტივალს, ტრადიციულად, ორი მიმართულება ექნება - ლიტერატურული და მუსიკალური ნაწილი.
ფესტივალის ლიტერატურული ნაწილის მონაწილეები იქნებიან: ლია სტურუა, ზურაბ ქარუმიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურა ჯიშკარიანი, ეკატერინე ტოგონიძე, ბექა ადამაშვილი, თუთა ჯგუშია, გიო ლომიძე, ნატალია ტროხიმი, გიორგი კეკელიძე, ხათუნა ცხადაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ნატა ლომოური, ზეინაბ სარია, თემურ ელიავა, ნინი შველიძე, ბესიკ არახამია, ანა ჯავახიშვილი და ხათუნა გოგია.
საფესტივალო დღეების დასკვნითი, მუსიკალური ნაწილის მასპინძლები იქნებიან ალექსანდრე ხარანაული, VAQO, Keren Batok (ìsotopia).