Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ის ანგარიში: 2022 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა


საილუსტრაციო ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა
საილუსტრაციო ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო ანგარიშის თანახმად, 2022 წელს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფაქტის აღსაკვეთად უწყებამ პრევენციული ზომები მიიღო.

"2022 წელს სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 3 საქმეზე, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე, რაზეც გატარდა შესაბამისი პრევენციული ზომები აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით", - წერია ანგარიშში.

დოკუმენტის წინასიტყვაობაში, ასევე აღნიშნულია, რომ 2022 წელს არსებითი გამოწვევა იყო უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა, ხოლო ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები მიმდინარეობდა.

დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ 2022 წელს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები, თავდასცვის სფეროში არსებული ვითარება, მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები:

"აღნიშნული მათ შორის, უკავშირდებოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და თავდაცვის სისტემების ნატოს სტანდარტებთან მიახლოების პროცესს, ასევე, რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებს".

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეროვნულ გამოწვევად კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია რჩება - 2022 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები.

სუს-ის ანგარიშს ხვალ, 7 ივლისს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების სხდომაზე განიხილავენ.

XS
SM
MD
LG